დღეს, თბილისის მერიის ინიციატივით პარლამენტში შემოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც გადაწყდება ათობით ათასი თბილისელის წლობის განმავლობაში არსებული პრობლემა, რაც ეხება საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში მიუღებლობის საკითხს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბითაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ამნისტიას დაექვემდებარება ის შენობა-ნაგებობები, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა, ეს შენობა- ნაგებობები განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევით, კერძოდ, არ არის მიყვანილი კორპუსებში დენი და გაზი.
ბითაძის თქმით, კანონპროექტით აუცილებელი პირობა იქნება, რომ ასეთი კორპუსები უსაფრთხოების სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ. ბითაძის თქმით, ცვლილებების შემდეგ ასეთ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ბინების დარეგისტრირებას შეძლებს.
„დაახლოებით 2009 წელს მოქმედი კანონმდებლობით მოიხსნა რეგულაცია ექსპლუატაციაში მიღებისას დენისა და გაზის მიწოდების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ის, რომ ადამიანები სარგებლობდნენ საცხოვრებელი ფართებით ისე, რომ ექსპლუატაციაში ობიექტები მიღებული არ იყო და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში.
გასული წლის განმავლობაში თბილისში განხორციელდა აეროგადაღება, დაფიქსირდა და განხორციელდა შენობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც მომზადდა ერთჯერადი ამნისტიის პროექტი, რომლის მიხედვითაც, ამნისტიას დაექვემდებარება ის შენობა-ნაგებობები, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა, ეს შენობა-ნაგებობები განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევით, თუმცა, თითოეულ ამ შენობაში უნდა იყოს უსაფრთხოების წესები დაცული და თუ ასეთი გამოვლინდა, აუცილებლად შესაბამისობაში უნდა მოვიდეს უსაფრთხოების წესებთან.
ამით ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების საკითხი, თუმცა, იმავდროულად, კანონმდებლობით გამკაცრდება კანონპროექტის მიღების შემდგომ გაცემული მშენებლობის ნებართვების საფუძველზე აშენებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, მათ შორის, აღარ იქნება შესაძლებელი, რომ საცხოვრებელ ობიექტში შესახლდნენ ადამიანები იმ პირობით, რომ ობიექტს აღარ იქნება შესაძლებელი მიეწოდოს დენი და გაზი, რაც გამორიცხავს იმას, რომ დაუმთავრებელ ობიექტში იცხოვრონ ადამიანებმა.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ძალიან ბევრმა თბილისელმა, ვსაუბრობთ ათიათასამდე ობიექტზე, სადაც ათობით ათასი ადამიანი და ოჯახი ცხოვრობს და მათ შეეძლებათ დაირეგისტრირონ აღნიშნული ქონება და ისარგებლონ იმ სერვისებით, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფარგლებში ფინანსდება 100%-იანი დაფინანსებით, მათ შორის, ეს არის სახურავის, ლიფტის მოწესრიგება, წითელ ხაზებში კომუნიკაციების, წყალანარინებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება,”- განაცხადა ბითაძემ.