დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება

675

დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. “საარჩევნო კოდექსის” 25-ე მუხლის თანახმად, ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. სხდომა მოიწვევა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე.

დღესვე, საუბნო საარჩევნო კომისიები კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს აირჩევენ. “საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია.

კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. ამავდროულად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.