მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია

398

მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს, დამტკიცებულია. 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ – საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი მთავრობის ფორმიერების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა.

როგორც ცნობილია, გახარიას გარდა, ახალ მთავრობაში აღარ არის მაია ცქიტიშვილი. ის ერთადერთი მინისტრია, ვინც უარი თქვა მინისტრთა ახალ კაბინეტში ყოფნაზე. ცქიტიშვილის ადგილი მისმა პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ დაიკავა.

ქარსელაძის გარდა, მთავრობაში კიდევ ერთი ახალი წევრია – ჯუანშერ ბურჭულაძე. ის მანამდე ამჟამინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო თავდაცვის სამინისტროში. სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელი გახდა ის.

სხვა ცვლილება მთავრობის შემადგენლობაში არ მომხდარა.

მთავრობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამა 2021-2024 “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” დაამტკიცა.