ღარიბაშვილი: 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ – არაერთი ფასადური რეფორმების მომსწრე გავხდით წინა მთავრობის დროს

414

ეკონომიკა და პოლიტიკა ქვეყანაში პროგნოზირებადი უნდა გავხადოთ – მოდით ვთქვათ პირდაპირ, 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ, ჩვენ არაერთი ფასადური განახლების და ფასადური რეფორმების მომსწრე გავხდით, წინა მთავრობის დროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „ფრაქცია ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ბიზნესმენმა უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო ყველა სიტუაციაში მათ გვერდით იდგება და რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება.

„ჩვენ ეკონომიკა და პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი. თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ბიზნესმენმა უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სტაბილურ გარემოში, სადაც მოულოდნელ, ვითარების ასე ვთქვათ, გამაუარესებელ მოვლენებს არ ექნება ადგილი, რომ სახელმწიფო ყველა სიტუაციაში მათ გვერდით იდგება და რომ ხვალინდელი დღე იქნება დღევანდელზე უკეთესი. ასევე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს როლი ეკონომიკის დაქოქვასა და ბიზნესის მხარდაჭერაში არის გადამწყვეტი, მითუმეტეს, კოვიდპანდემიის პირობებში. უფრო მეტიც, დიდი, საშუალო და მცირე ბიზნესისადმი თანადგომა გახდება სამთავრობო პროგრამის ქვაკუთხედი. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა იკისროს მთავარი ტვირთი, პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის და სამუშაო ადგილების გადასარჩენად. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ ქვეყანა, მოდით ვთქვათ პირდაპირ, 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ.

ჩვენ არაერთი ფასადური განახლების, ფასადური რეფორმების მომსწრენი გავხდით, წინა მთავრობის დროს და ის დესტაბილიზაციის მცდელობები რაც დღეს არის ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის მიზანმიმართული ქმედება სახელმწიფო დასუსტების მიზნით. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგშ, ის ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომლებიც ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მითი არის რაღაც სუსტი სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და მაშინ ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვფიქრობ, რომ პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის, არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა. მთელი ჩემი აქცენტი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად იქნება ახალ ინიციატივებზე და ახალ პროგრამებზე მიმართული. ეკონომიკური განვითარების ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს ინკლუზიური განვითარება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა იდგეს ბიზნეს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი არამარტო თვითკმარი ვიყოთ მრავალ სფეროში, არამედ ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, რომ შემოქმედი ერი გავხდეთ და არამხოლოდ სხვისი შრომის მომხმარებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.