ქარსელაძე: რიკოთის გზა იმდაგვარად არის დაპროექტებული, რომ მონაკვეთები ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში

374

რიკოთი, ისევე როგორც ქვეშეთი-კობი, არის ჩვენი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილი, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბრესტიდან იწყება და ჩინეთის საზღვრამდე მიდის. ეს უკვე იმთავითვე არის დამატებითი მოთხოვნის შექმნის საფუძველი. გარდა ამისა, დერეფნის მიმზიდველობა სხვადასხვა პარამეტრებით ისაზღვრება და მთავარი პარამეტრი რაც გზასთან მიმართებაშია, ეს არის მომსახურების ხარისხი , – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ 20 თებერვალს, საკომიტეტო მოსმენაზე.

მან აღნიშნა, რომ ყველა ამ მასშტაბურ პროექტში ჩვენი საერთაშორისო განვითარების პარტნიორები გვიდგანან გვერდში და ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მსოფლიომ კიდევ უფრო კარგად გაიგოს ამ პროექტების შესახებ.

“რიკოთის გზა იმდაგვარად არის დაპროექტებული, რომ მონაკვეთები ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში, მოხერხდა გამოწვევებზე ეფექტური გადაწყვეტილებების მოძიება, ხაშურსაც აქვს შემოვლითი გზა, ქუთაისსაც აქვს ოთხ-ზოლიანი შემოვლითი გზა და ჯაპანა-ლანჩხუთის ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებულ რეგიონსაც უკვე ასევე 4-ზოლიანი მაგისტრალური გზით ვუვლით გვერდს. რაც შეეხება ვადებს, მეოთხე მონაკვეთზე (შორაპანი- არგვეთა), პანდემიის გამო რეალურად უფრო გვიან მოგვიწია სამუშაოების დაწყების ნებართვის გაცემა. რა თქმა უნდა პანდემიას აქვს გავლენა, არის ბევრი გარემოება , რომელმაც შეიძლება იმოქმედოს, მაგრამ არსებული პროგრესის გათვალისწინებით ეს არის ის კონტრაქტით გათვალისწინებული ვადები , რომელზეც ჩვენ ვართ დაგეგმილი”- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.