გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული გეგმა განიხილეს

482

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის (2016-2020) განხორციელების შეფასებისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობისათვის ახალი ეროვნული გეგმის (2020-2025) შემუშავების პროგრამა ონლაინშეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი ესწრებოდა.

სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრაზე პროექტის პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მოთხოვნების განხორციელებას სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გზით.

პროექტი დაფინანსებული და ორგანიზებულია ევროკავშირი გარემოსთვის (EU4Environment) რეგიონული ინიციატივის ფარგლებში. პარტნიორები არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მსოფლიო ბანკი.

საქართველოში პროექტს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა ახორციელებს, ხოლო აღმასრულებელი ორგანიზაცია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრია (REC Caucasus).