ქედის მერია, იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საზოგადოებრივ ეკოავტობუსს შეიძენს

569

ქედის მერია, იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საზოგადოებრივ ეკოავტობუსს შეიძენს, – ამის შესახებ პროექტს საქართველოში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ხელი გუშინ მოაწერეს.

პროექტი – “ქედის მუნიციპალიტეტისთვის საზოგადოებრივი ეკოავტობუსის შეძენა” დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს მდგრადი და ინკლუზიური სატრანსპორტო სისტემის განვითარებას მაღალმთიან რეგიონებში.

პროექტის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი იქნება საზოგადოებრივი ეკოავტობუსი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობას და გაზრდის ხელმისაწვდომობას პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ამასთანავე, მაღალმთიან რეგიონში ელექტროავტობუსის დანერგვით, ეს პროექტი შექმნის კარგ პრეცედენტს ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და მავნე სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად.

ქედის მუნიციპალიტეტი, ეკოავტობუსის შესაძენად, საქართველოში იაპონიის საელჩოსგან გრანტის სახით 77, 235 აშშ დოლარს მიიღებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, იაპონიამ, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 180 საგრანტო პროექტი დააფინანსა. მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში იაპონიის დახმარება 19 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა.