ღარიბაშვილი: უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი

320

წინა სტატია

ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა ხაზი გაისვა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ უმრავლესობის გუნდი ძალიან მალე აღადგენს წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება.

„ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღე არის. ამის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს. ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწარაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც დღეს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრობის თანამდებობა დატოვა, “ქართულმა ოცნებამ” პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.