იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა.
სოფლებში: ჩხარსა და ქვედა სიმონეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის – ,,სახლდაზიანების“, ფარგლებში აშენდა. რწმუნებულთან ერთად ადგილზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებოდნენ.
,,ახალაშენებული სახლი დღეს ჩვენ ორ ოჯახს გადავეცით. პროექტი თერჯოლაში წარმატებით გრძელდება და მუნიციპალიტეტში ახალი სახლები კიდევ აშენდება. გადაეცემა იმ მოსახლეობას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. პროგრამის ფარგლებში, სახლების ასაშენებლად თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მსგავსი პროგრამები იმერეთში სახვადასხვა მუნიციპალიტეტში თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება. რა თქმა უნდა, რეგიონის მასშტაბით ამ მიმართულებით სოციალურ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახები ახალ სახლებში იცხოვრებენ. სოფელ ჩხარში სახლი გადაეცა ფანჩულიძეების ოჯახს. დღემდე ბებია და შვილიშვილი დაზიანებულ ხის სახლში ცხოვრობდნენ. შენობა რეაბილიტაციასაც არ ექვემდებარებოდა.
ასევე, საჭიროებდა დახმარებას სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრები არაბიძეების ოჯახი. დედა-შვილი სოციალურად დაუცველია.
,,სახლდაზიანების” პროგრამის ფარგლებში, სამი სახლი უკვე აშენდა. აღნიშნული პროგრამით მიმდინარე წელს კიდევ 5 ოჯახი ისარგებლებს. ამ მიზნით ადგილობრივ ბიუჯეტში 175 000 ლარია გამოყოფილი.