2012 წლამდე ჯამში 68 კმ საერთაშორისო მაგისტრალი იყო შეყვანილი ექსპლუატაციაში, მხოლოდ ერთ წელიწადში 2020 წელს ჩვენ გავაკეთეთ საერთაშორისო მაგისტრალის 70კმ გზა, ეს ერთი შედარება არის საკმაოდ თვალსაჩინო, – ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე წინა მმართველობის დროს, 8 წლის განმავლობაში 20 მილიარდი ლარი იყო გათვალისწინებული, როდესაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 20 მილიარდის ინვესტიცია მხოლოდ 4 წლის განმავლობაში განხორციელდა და რეაბილიტირდა 1500 კმ გზა.
„ეს არის რიცხვები, ფაქტები, ჩვენ ყველანი ამ ინფრასტრუქტურით ვსარგებლობთ და რამდენიც არ უნდა ვისაუბრეთ იმაზე, რამდენჯერ უნდა გავხსნათ, ეს არის ერთი გზა, რომელიც არარსებობდა და წელს გაკეთდა“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, 2012 წელთან შედარებით 10-ჯერ არის გაზრდილი ასევე წყალმომარაგების სექტორის დაფინანსება და შესაბამისად, პროექტების განხორციელების შედეგად მხოლოდ 1 წლის განმავლობაში 322 ათას ადამიანს გაუუმჯობესდა წყალმომარაგების გრაფიკი და წყლის ხარისხი.