ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმის მოსახლეობა სხვა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდის დანგრევას აპროტესტებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში არსებული ხიდით სხვა სოფლებს უკავშირდებოდნენ, თუმცა, მისი რეკონსტრუქციის გამო დანგრევას მათი ჩაკეტვა მოჰყვა.
მოსახლეობას ახლა ზემო დიმიდან მუნიციპალიტეტში გადაადგილება შემოვლითი გზით უწევს.
“არ გაგვაფრთხილეს ისე დაანგრიეს და ექვსი სოფელი ხიდის გარეშე დარჩა. პური ვერ შემოვიდა მაღაზიებში. ქალაქში რომ წავიდეთ, ტაქსი 15 ლარს გვთხოვს და ყოველდღე ამდენი თანხა არ გვაქვს. ასევე, დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი და ორი დღეა წყალი არ მიეწოდება სოფლებს. შეთანხმებული ვიყავით, რომ ხიდი მხოლოდ მას შემდეგ დაინგრეოდა, რაც საფეხმავლო ხიდი აშენდებოდა, მაგრამ დროებითი ხიდის მხოლოდ ბურჯი ააგეს და ისიც წყალმა წაიღო”, – ამბობენ სოფელ ზემო დიმის მკვიდრები.
სოფელ ზემო დიმში არსებული ხიდი 6 სოფელს აკავშირდებოდა ერთმანეთთან. დაზიანების გამო, მისი რეკონსტრუქცია გახდა საჭირო. ხიდის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ გოგსაძე ამბობს, რომ მოსახლოებას ხიდის არარსებობის გამო შექმნილი პრობლემები მიმდინარე კვირას მოუგვარდებათ. მისი თქმით, პირველ რიგში საფეხმავლო ხიდი მოწყობა. მაღაზიებისთვის სურსათის მიწოდებაზე კი განმარტავს, რომ მომარაგების გარეშე არცერთი სოფელი არაა დარჩენილი.
“ალტერნატიული გზები არსებობს. დაზიანების გამო ხიდზე გადაადგილება ისედაც შეზღუდული იყო”, – ამბობს არჩილ გოგსაძე.
მდინარე ხანისწყალზე არსებულ ე.წ. ზედა დიმის ხიდის სამშენებლო სამუშაოებს საავტომობილი გზების დეპარტამენტის დაკვეთით შპს “საქ ტრაქმშენსერვისი” ასრულებს.