ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს დღესვე მიმართავს, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
„საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია რაც გააჩნდა ბრალდების მხარეს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის მიუხედავად მისი თანამდებობისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. საპარლამენტო იმუნიტეტი არ წარმოადგენს ინდულგენციას არცერთი ადამიანისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, რისი უფლებამოსილებაც გააჩნია ბრალდების მხარეს. ბრალდების მხარე უზრუნველყოფს შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისს საქალაქო სასამართლოში“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.
12 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოში წარსადგენად პარლამენტს მიმართა.