ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

413

ქალაქ ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით.

ცენტრი ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე და მომხმარებელს გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყობა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საჯარო სერვისი, რომელიც ქალაქების იუსტიციის სახლებში გაიცემა, ასევე; კომპანია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება.

პროექტის ბიუჯეტი 775 471 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია გაეცნენ.
საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.