საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა – „მუხურის თაფლი“ დაემატა

948

საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა – „მუხურის თაფლი“ დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

„ამიერიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის (ხობისწყლის) ხეობაში არსებული ყვავილების ნექტრიდან მიღებული გამორჩეული გემოვნური თვისებების და არომატის მქონე მუხურის თაფლი სახელმწიფო დონეზე იქნება აღიარებული. გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – „საქპატენტში“ განაცხადი ასოციაცია „მუხურის თაფლმა“ შეიტანა. სპეციფიკაციების შესაბამისად, მუხურის თაფლი ხასიათდება საშუალოდ გამოხატული არომატით, ზომიერად ტკბილი, სასიამოვნო და განსაკუთრებული, დამახასიათებელი გემოთი. მას ძირითადად, აგროვებენ მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, როდესაც თაფლოვანი მცენარეები ყვავილობს. ჩხოროწყუში მეფუტკრეობას ხანგრძლივი ისტორია და ტრადიციები გააჩნია. განმსაზღვრელია, ერთი მხრივ, აქაური თაფლის მწარმოებელი ფუტკრის გამორჩეული თვისებები და, მეორე მხრივ, მრავალფეროვანი თაფლოვანი მცენარეების არსებობა, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია რელიეფით, ადგილის სიმაღლით, განსხვავებული ჰავით და ნიადაგის შემადგენლობით.

გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ აღიარებულ იქნეს როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა. მომხმარებელში ამ ტიპის პროდუქტი ასოცირდება მაღალ ხარისხთნ. პროდუქტის შეფუთვაზე დატანილი ნიშანი მითითებით: „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“ ხელს უწყობს გაყიდვებს და შესაბამისად, სარგებელი მოაქვს მწარმოებლებისთვის.

განსაკუთრებული, გამორჩეული მახასიათებლების და გაზრდილი მოთხოვნილების გამო, გეოგრაფიულ ადგილთან დაკავშირებული პროდუქტების ფასი ბაზარზე შეიძლება რამდენიმეჯერ აღემატებოდეს ანალოგიური პროდუქტების ფასს. გაზრდილი ეკონომიკური ღირებულება კი იძლევა მაღალ კონკურენტუნარიანობასა და ახალი ბაზრების ათვისების უკეთეს შესაძლებლობას,”-ნათქვამია ინფორმაციაში.