ხმალაძე: ვაკის პარკში რესტორნის აშენება, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს, მიუღებელია

352

წინა სტატია

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ინვესტორ გიორგი ზაქაიძესთან შეხვედრის დროს აბსოლუტურად ვერაფერზე შეთანხმდნენ, ხოლო რაც დილით მოხდა, ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის დაწყების მცდელობა, უკანონოა და აღარ უნდა განმეორდეს.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საკითხის გადასაწყვეტად ერთადერთი სწორი ვარიანტია, რომ მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა მოხდეს.

„პირველი, რაც დღეს დილით გააკეთეს უკანონოა და აღარ უნდა განმეორდეს. მეორე, ჩვენი მხრიდან მათი უფლებების და კომერციული ინტერესების შენარჩუნების მიზნით, შეთავაზებულია, რომ მოხდეს მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და ამისთვის მუნიციპალიტეტმა ძალიან ბევრი იმუშავა. შევარჩიეთ მიწის ნაკვეთები და შევთავაზეთ. დღეს რაც მათ გააჟღერეს იყო, რომ რესტორანს ააშენებენ, რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის აშენებას, თუ ის სასტუმროს პარამეტრებით უნდა აშენდეს, ჩვენთვის ეს მიუღებელია! ერთადერთი სწორი ვარიანტია მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა მოვახდინოთ! მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ესეთ ქმედებას, რაც დღეს იყო, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერად აღკვეთა, ადგილი აღარ ენება.

ჩვენ შეხვედრაზე აბსოლუტურად ვერაფერზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ დასხდებიან პარტნიორები და დაილაპარაკებენ. მე ყველანაირად ვეცადე, რომ ამეხსნა მათთვის, რომ ყველაზე კარგი ვარიანტია მიიღონ მუნიციპალიტეტის შეთავაზება მიწის ნაკვეთების მონაცვლეობასთან დაკავშირებით.

ფულად კომპენსაციაზე საუბარი არ ყოფილა, ფულად კომპენსაციას ჩვენ არ განვიხილავთ. მონაცვლეობის დროს, ასეთი ტიპის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის დროს, ჩვენ არ ვიხდით ჩვენ ვთავაზობთ ხოლმე შესაბამისი ღირებულების, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს“, – განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, დღის პირველ ნახევარში ვაკის პარკის ტერიტორიაზე ინვესტორს გიორგი ზაქაიძეს სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა გააჩერებინეს.