თბილისის მერიასა და „ბუდაპეშტის” ინვესტორების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

429

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მერიასა და „სასტუმრო ბუდაპეშტის“ ინვესტორ კომპანია “ტიფლის დეველოპმენტს” შორის შეთანხმება ვერ შედგა. დედაქალაქის მთავრობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ზაქაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე ახალი ვერაფერი მოისმინა, ამიტომ ვაკის პარკის სადავო ტერიტორიაზე რესტორან „ბუდაპეშტის“ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება.

როგორც ზაქაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული 20 000 000 ლარის გადახდა ვირტუალური და არარეალურია, ხოლო მიწის ნაკვეთები, რომელიც შესთავაზეს მიუღებელი.

„რა თქმა უნდა, სიახლე ვერაფერი ვერ მოვისმინე, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ადრე რეალურად სურვილი არ აქვთ, რომ მოლაპარაკება შედგეს. მე რესტორანზეც თანხმობა ვუთხარი და ასევე ვუთხარი, რომ მზად ვარ, ასევე სასტუმრო ავაშენო, მათგან იყო იმავე საუბარი, რომ ურჩევნიათ 20 000 000 ლარი გადაიხადონ, ან ჩაგვინაცვლონ 20 000 000 ლარიან მიწაში და აღნიშნულ ადგილზე არ აგვაშენებინონ, თუნდაც რესტორანი. ის, რომ ჩვენ რაღაც კომპრომისზე არ მივდივართ და არ ვთანხმდებით, კიდევ ერთხელ ვამბობ არასწორი შეფასებაა. გვეუბნებიან, რომ გვირჩევნია 20 000 000 ლარი გადავიხადოთ, რომელიც ამ წუთებში გვიჭირს და ბიუჯეტში არა გვაქვს და დავილაპარაკოთ ვადებზე, მომავალ წლებზე, ან მოვძებნოთ მიწის ნაკვეთები, რომელიც მათ ჰქონდათ შემოთავაზებული და ჩვენთვის მიუღებელია. რეალურად დღეს გაგვიწელეს, ზედამხედველობა კიდევ შეეცადა, რომ სამუშაოები შეეჩერებინა. მე წავალ და ჩემს პარტნიორებს დაველაპარაკები და ჩვენ აუცილებლად სამშენებლო სამუშაოებს გავაგრძელებთ. იმიტომ რომ ქალაქის მერიას, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ჩვენ არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ იქ სასტუმრო ავაშენოთ არა იმაზე თანახმა, რომ იქ რესტორანი აგვაშენებინოს და ურჩევნია, 20 000 000 ლარი გადაგვიხადოს, რომელიც ვირტუალური და არარეალურია. არაა ეს 20 000 000 ლარი! ჩვენ არ ვიძახით არც 20 000 000 ლარზე უარს, არც იმაზე რომ რაიმე ნორმალური მიწის ნაკვეთი მოგვცეს“, – განაცხადა ზაქაიძემ.

ცნობისთვის, დღის პირველ ნახევარში ვაკის პარკის ტერიტორიაზე ინვესტორს გიორგი ზაქაიძეს სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა გააჩერებინეს.

შეგახსენებთ: თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია-განახლება დაიწყო. მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ ვაკის პარკი განახლდება, თუმცა შეინარჩუნებს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რაც იქ არის განთავსებული. როგორც ცნობილია, ვაკის პარკში არსებობს სადავო ტერიტორია, რომელზეც როგორც ინვესტორი კომპანია ირწმუნება, 2013 წელს  სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვაა გაცემული. პროექტი სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ამავე სახელობის კომპანიამ უნდა განახორციელოს, თუმცა თბილისის მოქმედი მთავრობა ამაზე უარს აცხადებს. მოლაპარაკებები უკვე ორი წელია გრძელდება, თუმცა როგორც ინვესტორი ამბობს, ის ჩიხშია შესული და მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები ირღვევა, რადგან საკუთრებით ვერ სარგებლობს.