საქართველოს პარლამენტში მთავრობის სტრუქტურაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო.
ცვლილებების პროექტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების შედეგად, შეიქმნება ორი – განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები.
„ჩვენ კომიტეტში გვქონდა შეხვედრა ახალგაზრდებთან ამ საკითხზე. მათ მიმართეს როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას მოსაზრებებითა და არგუმენტებით ამ საკითხზე. ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ არსებული და შემოთავაზებული სამთავრობო რეფორმა უნდა იყოს გარანტორი იმისა, რომ ის მიღწევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ სფეროში არათუ დასუსტდება, არამედ გააქტიურდება. ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენი აქცენტია იმაზე, რომ დაგეგმილი რეორგანიზაციის შედეგად ახალგაზრდობა, როგორც პრიორიტეტი არ შენელდეს, არამედ გაძლიერდეს.
გასულ წელს საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება გახდა ჩვენი ქვეყნის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ის ღონისძიებები, რომლებიც იქნა გატარებული დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისგან.
ახალგაზრდობა როგორც სფერო, არის პრიორიტეტი ჩვენი გუნდისთვის. გამომდინარე იქედან, რომ ჩემი საქმიანობის უკანასკნელი 7 წელი ძალიან ახლოსაა ამ სფეროსთან, ამჟამად ვარ კომიტეტში, რომელმაც დიდი სამუშაოები გასწია ახალგაზრდული პოლიტიკის გასაძლიერებლად და ჩემი ფოკუსი ახალგაზრდობის სფეროზეა – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა.
კომიტეტის სხდომაზე, თამარ ტალიაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საკანონმდებლო პაკეტში ხაზგასმული იყოს ახალგაზრდობის სფერო, ისევე როგორც გამოკვეთილია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროები და ეს საკითხი მეორე მოსმენაზე მუხლობრივი განხილვის დროს იყოს ასახული ცვლილებების პაკეტში.