ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე შუქნიშანი დილის საათებში გათიშულია, ეს ის პერიოდია, როცა ბავშვები სკოლაში მიდიან, ინტენსიური მოძრაობის გამო კი გზაზე დამოუკიდებლად გადასვლა უჭირთ. ადგილობრივები შუქნიშნის ჩართვას 08:00 საათიდან ითხოვენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ჩემი შვილიშვილები სკოლაში, რომ წავიდნენ ეს გზა უნდა გაიარონ, 09:00 საათისთვის შუქნიშანი ყოველთვის გამორთულია, ამ დროს ბევრი მანქანა დადის და ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიშია, დგანან და ელოდებიან როდის დაუთმობენ გზას. ბევრი მძღოლია ისეთი რომელიც აჩერებს, მაგრამ მაინც საშიშია“, – ამბობს თამარშვილზე მცოვრები კარაპეტ ვოსკანიანი.
პრობლემის შესახებ საჯარო პოსტი დაიწერა სოციალურ ქსელშიც, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
ამავე ქუჩაზე მდებარე მეორე შუქნიშანი, რომელიც წესით ქვეითებმა გადასვლისას უნდა ჩართონ, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. მას ღილაკი აქვს დაზიანებული.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შუქნიშნების მოვლა–პატრონობაზე ახალციხის მერიაა პასუხისმგებელი. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ რომ აქამდე პრობლების შესახებ ინფორმაცია არ ჰონდათ.
„მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის აღნიშნულ პრობლემებს და სპეციალისტების ჩართულობით მოხდება პრობლემის მოგვარება”, – აცხადებენ მერიაში.