ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) 15,5 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან.
დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი წერეთელი განმარტავს, რომ გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.
,,აღნიშნული მონაკვეთი არის 15 კილომეტრიანი, საიდანაც უკვე დამთავრებულია 12 კილომეტრი გზის მშენებლობა. პროექტის დასრულება იგეგმება მაისის ბოლომდე და მისი ღირებულება არის 38 მილიონი ლარი. პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესდება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის, გურჯაანის შემოვლითი 15.5 კმ-იანი მონაკვეთის უსაფრთხოების ხარისხი, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები. ამ დროისთვის მიწის სამუშაოები, კომუნიმაციების გადატანა და გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა ხორციელდება”,- განაცხადა გიორგი წერეთელმა.
მისივე თქმით, გზის მშენებლობის შემდეგ ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა აქამდე სრულად სცილდება გურჯაანის ტერიტორიას და მის გარეთ მონაკვეთზე გადაინაცვლებს. მისივე განმარტებით, წელს კახეთის მიმართულებით ასევე დაგეგმილია ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა, რისთვისაც დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობა იგეგმება და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.