პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
აღნიშნული სამოქმედო გეგმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა წარადგინა.
როგორც კომიტეტში აცხადებენ, კომიტეტის მუშაობის უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს როგორც აგრარული პოლიტიკის მიმართულებით კანონშემოქმედებითი საქმიანობის განსაზღვრა (მათ შორისაა, კომიტეტის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და DCFTA-ით გათვალისწინებული რეგულაციების საკანონმდებლო უზრუნველყოფა), ასევე ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოებისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიების განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის აღსრულების პროცესის ხელშეწყობა.
„სამოქმედო გეგმა გამოხატავს იმ პრიორიტეტებსა და საჭიროებებს, რომლებზეც კომიტეტი აქტიურად იმუშავებს 2021 წლის განმავლობაში. სამოქმედო გეგმა გარდა ჩვენი ხედვებისა, ითვალისწინებს იმ თავისებურებებს, რითაც ეს 2021 წელი ხასიათდება და ეს არის პოსტ-პანდემიური პერიოდი. შესაბამისად, ბიუჯეტიც პოსტ-პანდემიურია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იმ მოცემულობით შეუდგა, როცა გარკვეულწილად ბიუჯეტი ფორმირებული იყო და ჩვენ ამ ბიუჯეტის როგორც ფაქტის, ისე მიღება მოგვიწია. აქედან გამომდინარე, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ სამოქმედო გეგმაში კონცენტრაცია ძირითადად, იმ პრობლემების დეტალურ მოკვლევაზე მოგვეხდინა, რომლებიც სექტორში არსებობს, და შემდეგ, მათ შესაბამის ასახვაზე მომავალი წლის ბიუჯეტში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა სამოქმედო გეგმის წარდგენისას.
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, კომიტეტის სამოქმედო გეგმის ძირითადი ხაზი იქნება ფერმერები, ფერმერული მეურნეობები, მათი საჭიროებები, რომელთან დაკავშირებითაც დაიწყება კანონზე მუშაობა. ასევე, კოოპერატივები და ის საკითხი, თუ რატომ არ იმუშავა ამ სფეროში კანონმა. ამ საკითხზე კომიტეტმა მოკვლევაც დაიწყო, რის შედეგადაც განსაზღვრავს, თუ რა პრობლემებია კოოპერატივების წინაშე, რისი შეცვლა შეიძლება და სხვა.
„სამინისტროსაც თავისი შემოთავაზებები აქვს ამ მიმართულებით და ჩვენ, ერთობლივად, მნიშვნელოვან ცვლილებას განვახორციელებთ სექტორის განვითარებისთვის“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია კომიტეტში სამუშაო ჯგუფების ამოქმედება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჩაის, აგრორეგიონის განვითარების მიმართულებით. დაგეგმილია აგრორეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით პოლიტიკური დოკუმენტის – კონცეფციის შექმნა. კომიტეტი აქტუალურ საკითხებზე თემატური მოკვლევების ჩატარებასაც გეგმავს.