ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ძელსკამების რეაბილიტაციაზე 10 730 ლარი დაიხარჯება

373

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში არსებულ ძელსკამებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 730 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ჯამში 93 ძელსკამს ჩაუტარდება. პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მოხდება სკამების დემონტაჟი, შემდეგ შეკეთება და დასაწყობება.

წინადადებების მიღება 16 თებერვალს დაიწყება და 18 თებერვალს დასრულდება.

მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში არსებული ძელსკამები დიდი ხანია დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ნაწილს მოტეხილი აქვს ლითონის სახელური, არ აქვს ხელის საყრდენი ძელაკი ან საზურგე.