საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მცხეთის N1 საჯარო სკოლას ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი მოთხრობა და სხვადასხვა თემატური მასალა გადასცა.
როგორც სემეკ-ში აცხადებენ, მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეებს დაეხმარება ენერგეტიკის საკითხების გაცნობაში. წიგნების გადაცემა პროექტში ჩართული სხვა საპილოტე სკოლებისთვისაც იგეგმება.
„სემეკმა დაიწყო პროექტი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რომლის მიზანიცაა ენერგეტიკასთან, ენერგოეფექტურობასთან, ენერგიის დაზოგვასთან, განახლებად ენერგიებთან და სხვა ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული ცნებების გაცნობა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის, ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლება და ენერგიის დაზოგვისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ევროკავშირის მიერ 1.200 000 ევროს ოდენობით დაფინანსებული დაძმობილების პროგრამის ფარგლებში – „მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“.
პროექტის ფარგლებში დამზადდა ანიმაციური ფილმი, რომლის გმირიც არის ცნობილი ქართული ანიმაციური პერსონაჟი – ჟირაფი ჟოზე. შეიქმნა მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ, ასევე სემეკის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ სემინარი მასწავლებლებისთვის, სადაც განხილულ იქნა აღნიშნული ინფორმაციის სკოლის ასაკის ბავშვებისთვის მიწოდების გზები და მეთოდოლოგია, დარიგდა განათლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური მასალა – საინფორმაციო ტრიპლეტი ელექტროენერგიის წარმოშობის შესახებ, თავსატეხები, გასაფერადებლები, ნიღბები და წიგნის სანიშნეები“, – აცხადებენ კომპანიაში.