მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ დიოკნისში მცხოვრები მოსახლეობა საძოვარი მიწების გამო დავობს. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ 10 ჰექტარი მიწა სხვამ, თაღლითური გზით მიითვისა. დიოკნისის მოსახლეობა მომხდარ ფაქტს აპროტესტებს და ამბობს, რომ ნაკვეთი არაკეთილსინდისიერად მათივე სოფლელმა, ვინმე როინ ძირკვაძემ, ზვიად მეგრელიშვილზე გაყიდა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ მიწის გასხვისება ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით მოხდა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„სოფელს წაგვართვეს მიწა, ამ მიწის თაობაზე ჩვენ სამჯერ საპარლამენტო კომისია გვყავდა ჩამოყვანილი, რომ სოფელს მიწა მიგვეღო და გვეცხოვრა, გვეარსება. გამოჩნდა ვიღაც, ვიღაცების ხელშეწყობით. ბიუროკრატია ხომ გაგეგებათ? გამოჩნდნენ ვიღაცები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მიწის გასხვისებას. ამ მიწაზე სასამართლოს გადაწყვეტილება არის 2002 წლის, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოიჯარე. როინ ძირკვაძემ უგულებელყო სასამართლოს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, მერიამ ხელი შეუწყო სხვა შემთხვევაში, ამ მიწას ვერ დაირეგისტრირებდა როინ ძირკვაძე,“ – ამბობს ადგილობრივი შოთა ძირკვაძე.
„როინ ძირკვაძეს პარლამენტში კაცი ჰყავდა და იმგზით გადაიფორმა,“ – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
„ჩვენი 10 ჰექტარი მიაქვს სხვას, არ მივცემთ. 30 წელია აჭარიდან გადმოგვასახლეს სტიქიის დროს. ჩვენი მიწაა. ვიღაცამ იყიდა და აქ მოვიდა ფერმა უნდა ჩავდგაო, ჩენ ვერ ჩავადგმევინებთ. ორ ძროხას ვინახავთ, ამით პურს ვჭამთ, ჩვენ სხვა შემოსავალი არ გვაქვს,” – ამბობს მოსახლეობა.
როგორც მიწის მესაკუთრის წარმომადგენელი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამტკიცებს, ზვიად მეგრელიშვილმა ახალ დიოკნისში არსებული 10 ჰექტარი კეთილსინდისიერად, კანონის გზით შეისყიდა და მოსახლეობის პროტესტი მისთვის გაუგებარია: “მან შეიძინა კერძო საკუთრება, დღეს გამოვიდა ასეთი სიტუაცია, რომ ხალხი იძახის ჩვენიაო. ეს ჩვენ არ ვიცით რა ხდება, ვის რა უნდა, მაგრამ ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი მყიდველები. როგორც ვიცი, მიწის ქონების გადასახადიც არ იყო გადახდილი და ისიც გადაიხადეს და დაფარეს წინსწრებით. ხალხი მოდის და იძახის გამოძიება მიდისო, რა გამოძიება, ვერ გავიგეთ რა უნდათ, გამოიძიონ“.
ეკომიგრანტი მოსახლეობის ინტერესებს ადვოკატი თეიმურაზ მაისურაძე იცავს. როგორც ის, ჩვენთან საუბარში აცხადებს, ახალ დიოკნისში არსებული საძოვარი მიწის დავა თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს და საქმეზე გამოძიებაცაა დაწყებული.
„ავთო ძირკვაძე იყო მოიჯარე სოფლის სახელით, ფორმალურად იყო გაფორმებული იჯარა, რადგან ყველა გლეხისგან გადასახადის ამოღება ძალიან ძნელი იყო და ერთი კაცი დანიშნეს პასუხისმგებელ პირად. ამნაირი ოთხი იყო სოფელში. ავთო ძირკვაძე რომ ცოცხალი იყო, წამოიჭრა დავა მოსახლეობასა და მას შორის. სოფელი იხდიდა იჯარის გადასახადს, არასდროს არ გადაუხდია ავთოს. სასამართლო გადაწყვეტილება გამოვიდა ბალანსით, ეს მიწა დაუბრუნდა სოფელს და შესაძლებლობის ფარგლებში თამარისის მიწის ფონდიდან უნდა გამოყოფოდა (მიწის ნაკეთი) სასამართლოს გადაწყვეტილება დამალა როინ ძირკვაძემ, ძველი საბუთები წარადგინა ქონების მართვაში, წაიღო ძველი დოკუმენტები და გაიფორმა საკუთრებაში,“ – განაცხადა ადვოკატმა.
არის თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსში და გეგმავს თუ არა რაიმე გზით ჩარევას, ამ კითხვებზე პასუხის მიღებას რადიო “მარნეული” მერიიდან ამ დრომდე ცდილობს.