„მოძრაობა საქართველოსთვის“ ჩხოროწყუს მერიაში შესაძლო კორუფციული სქემის გამოძიებას ითხოვს

624

„მოძრაობა საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ წერილობით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ანტიკორუფციულ სააგენტოს მოთხოვნით – დაიწყოს გამოძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში შესაძლო კორუფციული გარიგების ფაქტებზე. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

მოძრაობის წარმომადგენელმა ალიკა კუპრავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმე ეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერებს. მისი სიტყვებით, ამ გზით კერძო პირები ბიუჯეტიდან იღებენ ასეულობით ათას ლარს.

მოძრაობა ვარაუდობს, რომ კორუფციული სქემის უკან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დგას:

„ვითხოვთ ამ ადამიანების მხილებას და კანონის შესაბამისად მოქმედებას“, – განაცხადა მოძრაობის წევრმა ალიკა კუპრავამ.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები 20 იანვრიდან მართავენ ზუგდიდში საპროტესტო აქციას. მოძრაობის წევრებს სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად კარავი აქვთ გაშლილი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან. ისინი თვლიან, რომ 2020 წლის პარლამენტის არჩევნები გაყალბდა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

გარდა ამისა, 9 თებერვალს მათ საპროტესტო მსვლელობით დაარღვიეს კომენდანტის საათი. მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვაზე უსამართლო და საფუძველს მოკლებულია.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ღამის ცხრა საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილება აკრძალულია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი 2 000 ლარით ჯარიმდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი იმავე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება.