ზესტაფონის მერიამ ჩაიბარა 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ნაწილობრივ დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის საქმიანობის ანგარიშში.
აუდიტის ცნობით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 140 ხელშეკრულების ფარგლებში, საერთო ღირებულებით − 17,314.3 ათასი ლარი.
“აუდიტის ჯგუფმა ობიექტები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რის შედეგადაც გამოვლინდა 25 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სულ 3,199.9 ათასი ლარის ღირებულების უხარისხო სამუშაოები.
კერძოდ, დაზიანებულია საგზაო, განათლებისა და სპორტის და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები (იხ. დანართები №1,2,3).
მაგალითად:
2018 წლის სექტემბერში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ ცხრაწყაროს გზის რეაბილიტაციის და ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომელიც დასრულდა დეკემბერში და ღირებულებამ 128.9 ათასი ლარი შეადგინა. 12 ობიექტის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ გზა დაზიანებულია. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო გასული ხელშეკრულების საგარანტიო ვადა, მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლისთვის ობიექტზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით. მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა მუნიციპალიტეტში შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე, რომლებითაც უნდა დადასტურებულიყო შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობისა და ღირებულების შესაბამისობა სამშენებლო ნორმებითა და სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
წარმოდგენილი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა პროექტები ჩაიბარა დადებითი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე. ამასთანავე, დასკვნებით დადასტურებულია შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების შესაბამისობა, ხოლო ხარისხი შეფასებულია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატებით”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
როგორც გამოვლინდა, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. სამუშაოების ნაწილი შესრულებულია უხარისხოდ, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.
ამასთან, აუდიტის ობიექტს 2017-2019 წლებში შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფთან“ გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება 50.0 ათას ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებაზე, ღირებულებით − 755.8 ათასი ლარი. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მიმწოდებელი პასუხისმგებელი იყო შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რა სანქციები გაატარა შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“ მიმართ, რომელმაც დაუშვა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების
ჩაბარება.
“დათვალიერებით გამოვლენილი დაზიანებული ინფრასტრუქტურული
პროექტების საგარანტიო ვადები არ იყო გასული. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა 25-დან მხოლოდ 7 ხელშეკრულების ფარგლებში მიმართა მიმწოდებელს ხარვეზების გამოსწორების მიზნით, თუმცა დაზიანებები აღმოფხვრილი არ არის.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლება და არ უზრუნველყო არსებული წუნის გამოსწორება მიმწოდებელი ორგანიზაციის სახსრებით.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა სოფლების საუბნო გზები მოაწყო განსხვავებული პრინციპით. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 370.7 ათასი ლარის ღირებულების მზა ბეტონი, რომლის დაგებაც მოსახლეობამ საკუთარი ძალებით უზრუნველყო. სამუშაოების ამგვარი წესით შესრულება თავიდანვე შეიცავდა რისკებს, რომ მოსახლეობა ვერ შეძლებდა მშენებლობის არსებული სტანდარტების დაცვას და არ იმუშავებდა ხარვეზების საგარანტიო ვადებში გამოსწორების მექანიზმი. მუნიციპალიტეტმა აღნიშნული რისკები ვერ გაითვალისწინა და ზოგ შემთხვევაში მიიღო უხარისხო პროდუქტი.
კერძოდ, შესრულებული სამუშაოების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ძირულას და ილემის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე სოფელ საწუმბოსა და ფუთში
(თუთბერიძე-ვარდოსანიძეების და სირაძეების უბანი) მოსახლეობის მიერ ბეტონი უმეტესად უხარისხოდაა დაგებული.”, – წერია ანგარიშში.
სახელწმიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის სათანადო პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ არ მიეღო უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
“კერძოდ, მერიამ ჩაიბარა 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც ნაწილობრივ დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. შესრულებული სამუშაოების ხარისხის პრობლემა მუნიციპალიტეტში სისტემურია. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, საექსპერტო დაწესებულებების მიმართ, რაც არ განუხორციელებია”, – ვკითხულობთ დასკვნაში.
აუდიტის რეკომენდაციაა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები.
“დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გაატაროს ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისა და საექსპერტო დაწესებულებების მიმართ და უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა”, – წერია რეკომენდაციაში.