აუდიტი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2018-2019 წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად ვერ განხორციელდა

630

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანაგრიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

“ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლების შემოსულობებმა − 39,803.7 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა – 38,226.4 ათასი ლარი შეადგინა”, – წერია ანგარიშში.

ბიუჯეტის ფაქტობრივი და გეგმური მაჩვენებლები წარმოდგენილია ცხრილში:

აუდიტის ცნობით, ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულა.

“კერძოდ, მერიამ წლის ბოლომდე ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო კრიტერიუმით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად, ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო  ინფრასტრუქტურის, ქუჩების, გზების, მინი-სტადიონებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტი ფლობდა მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთებს, კერძოდ, 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს ბალანსზე ნაშთის სახით ერიცხებოდა 2,496.9 ათასი ლარი. 2018 წლისათვის დაიგეგმა 2,271.1 ათასი ლარის ათვისება, თუმცა ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების დაგროვებამ 292.6 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს დაფიქსირდა 2,789.5 ათასი ლარის ნაშთი, საიდანაც 780.9 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.

2019 წელს მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 2,593.6 ათასი ლარის გამოყენება, თუმცა წინა წლის მსგავსად დააგროვა 1,284.7 ათასი ლარი. საბოლოოდ, წლის ბოლოსათვის საბიუჯეტო ნაშთმა 4,074.2 ათასი ლარი შეადგინა. აქედან, 949.7 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის მიხედვით, აღნიშნული თანხები მოიცავს საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2013-2014 და 2017 წლებში მიღებულ დაფინანსებასაც, რომლის ათვისება და ხარჯვა მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ უზრუნველყო. შესაბამისად, თანხები ნაშთის სახით აისახა 2018-2019 წლების ბიუჯეტებში.

ადუტის დასკვნის მხიედვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები უნდა გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მაქსიმალურად მიმართოს მუნიციპალიტეტის პრობლემების მოსაგვარებლად.