განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში საქართველოში 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილი გარემონტდა.
როგორც ინტერპრესნიუსს უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით ყველა საჭირო ჰიგიენური რესურსით უკვე აღჭურვილია და მოსწავლეების მისაღებად სკოლებს სრული მზაობა აქვთ.
„სკოლებში ჰიგიენურ-სანიტარული პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2020-2021 სასწავლო სწავლის დაწყებამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა, შეფასდა მათი მზაობა და 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილი რეაბილიტირდა.
ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო ჰიგიენური რესურსით უკვე აღჭურვილია და მოსწავლეების მისაღებად სკოლებს სრული მზაობა აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და სკოლების მონიტორინგს განახორციელებს.
პარალელურად, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე განხორციელდება. სავალდებულო ტესტირების უზრუნველსაყოფად, სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/ მოხდება, რასაც სკოლები თავად გაუწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე მიმდინარეობს.
2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა: აშენდა 30 სკოლა; 60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება; სრულად განახლდა 9 საჯარო სკოლა ხოლო ნაწილობრივ – 150-ზე მეტი; დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი“, – განაცხადეს უწყებაში.