რა წესების დაცვით განაახლებენ მუშაობას სკოლები

433

ზოგადსაგანმანათლებლო დაწსებულებებს კლასებში სწავლის განახლების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

რეკომენდაციების მიხედვით, სკოლის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს თერმოსკრინინგი, რათა გაკონტროლდეს მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს 37 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება, 15 წუთის ინტერვალში უნდა მოხდეს ტემპერატურის გადამოწმება ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით, რომელიც შესაბამისი ხსნარით უნდა დამუშავდეს გამოყენებამდე.

ამასთან, ნებისმიერი პირი, გარდა მოსწავლეებისა, სკოლაში პირბადით უნდა შევიდეს, სკოლამ კი უნდა უზრუნველყოს როგორც ხელის ჰიგიენისთვის საჭირო ნივთიერებების არსებობა, ასევე, პირბადეების რეზერვი. სანიტარიული წერტილები კი ყოველი დასვენების შემდეგ უნდა დამუშავდეს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, სახელურები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები 3 საათში ერთხელ უნდა დამუშავდეს.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლების და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი – ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში კი ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება.

ამასთან, დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, სკოლა ინდივიდუალურად ადგენს სწავლის დაწყების განსხვავებულ დროებს და/ან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას.

“გაკვეთილებს შორის შესვენებები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის დაგეგმეთ განსხვავებულ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სკოლის შენობის დაგეგმარება იძლევა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სივრცეების ფიზიკურად გამიჯვნის შესაძლებლობას; შესვენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს; შესაძლებელია სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზება, შესაბამისი დისტანციის დაცვით;

შეზღუდეთ მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში; ერთი და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას, დაცული უნდა იყოს 30-წუთიანი შუალედი, განიავდეს საკლასო ოთახი მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით; ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება” , – ვკითხულობთ დოკუმენტში.

გარდა ამისა, დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე უნდა მოხდეს დისტანციის დაცვის უზუნველყოფა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახის ფართი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაცული იყოს შესაბამისი დისტანცია, სკოლას უფლება აქვს გადავიდეს შერეულ/ჰიბრიდულ მოდელზე (დისტანციური სწავლების წესი მტკიცდება ცალკე). ასეთი შემთხვევისთვის, სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოს  შერეულ მოდელზე გადასვლის გეგმა – გრაფიკი და შეუთანხმდეს საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

რაც შეეხება სასადილოებს, სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სკოლამ არ უნდა დაუშვას ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება, თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა. საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით კი მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში.

დოკუმენტის მიხედვით მოსწავლე ვალდებულია:

დაიცვას ჰიგიენის წესები და სკოლის მიერ დადგენილი წესები;

დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;

დაიბანოს ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;

დახველებისა და დაცემინების დროს მიიფაროს სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
მოერიდოს ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;

სწავლების პერიოდში უზრუნველყოს თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების შეხება სახის ზედაპირთან;
არ გამოიყენოს სხვისი ნივთები;

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართოს ექიმს.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:

ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვას მოსწავლე სკოლაში;

სკოლაში ყოფნის პერიოდში ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანოს მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყოს ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად;

სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინოს კლასის დამრიგებელს;

სახლის პირობებში ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყოს ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.