წყალი „ცისტერნებით“ 2 ლარად – სოფლის წყლის გასაჭირი

2818

გვალვიანმა ზაფხულმა სოფლების წყალმომარაგების პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. ქვეყნის უმეტეს რეგიონში მესამე თვეა, წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილა. ამ პირობებში ჭაბურღილებში წყლის დონე იმდენად შემცირდა, რომ ასობით სოფელს წყალი კვირაში ერთხელ, მცირე რაოდენობით მიეწოდება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ჯერ კიდევ  საბჭოთა კავშირის დროინდელი “ცისტერნა” დადის და ერთ “ბიდონ” სასმელ წყალს 2 ლარად ყიდის. ზემო ქედის, ქვემო ქედის და არხილოსკალოს მოსახლეობა გვიყვება, რომ ონკანებში წყალი 7-10 დღეში ერთხელ მოწანწკარებს, ისიც სასმელად გამოუსადეგარი.

“კვირაობით უნდა ელოდო, რომ წყალი მოვიდეს. მოვა და ისეთი ჭუჭყიანია, შეფერილობაზეც კი შეატყობთ, რომ სასმელად არ ვარგა. ვისაც საშუალება აქვს, “ცისტენიდან” ყიდულობს, ვისაც არა – ან ამ უვარგის წყალს იყენებს, ან წვიმით ავსებს ავზებს და საყოფაცხოვრებოდ იმას იყენებს” – ამბობს ნინო ჩიტაური.

სამივე სოფელში წყალმომარაგების ქსელი შარშან შეაკეთეს, რაშიც მილიონამდე ლარი დაიხარჯა, თუმცა, სოფლის პრობლემების მოგვარებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ გასულ წლებში ამ სოფლებში წყალგაყვანილობის ინფრასტუქტურის გამოცვლას ბიუჯეტის დიდი ნაწილი დაახარჯეს.

“სოფლები გამრიცხველიანდა, მილები მთლიანად შეიცვალა. მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. მაგრამ საქმე ისაა, რომ სამთაწყაროს ჭაბურღილებში, საიდანაც ამ სოფლებში წყალი იქაჩება, გვალვების გამო წყლის მარაგი შემცირებულია. ეგ სოფლები ალაზნის აუზს ეკუთვნის და საშინელი გვალვა როცა დგება,  ჭაბურღილებში წყალი იმღვრევა, ისევე, როგორც გადაბმული წვიმების დროს. ზუსტად ეს პერიოდია ახლა, იმიტომაც უჭირს სოფელს წყალი,” – განმარტავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სოლომონ ღორაშვილი.

დედოფლისწყაროს სოფლები გამონაკლისი არ არის, სადაც მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”, ძირითადად, ქალაქებში და მათზე მიბმულ სოფლებში (500-მდე სოფელი) ოპერირებს. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, უმეტეს სოფლებზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ, თუმცა, გარდამავალი დებულება, რომელშიც უნდა გამიჯნულიყო ლიცენზიანტი კომპანიის და მუნიციპალიტეტის უფლება-მოვალეობები, ამ დრომდე პარლამენტში განსახილველად არ გაუტანიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონში გაწერილი არ არის მოქმედების მარეგულირებელი ჩარჩოები, შენარჩუნებულია კუსტარული წყალმომარაგების სისტემები, რაშიც მილიონობით ლარი არაეფექტურად იხარჯება.

სოფლის წყალმომარაგების საკითხებს ერთიან სისტემურ ჩავარდნად აფასებს ექსპერტი თენგიზ შერგელაშვილი. მისი შეფასებით, მუნიციპალიტეტებს არც საკმარისი სახსრები აქვთ და არც სამართლებრივი ბერკეტები, რომ სოფლები უწყვეტი სასმელი წყლით უზრუნველყონ. მთავარ პრობლემად კი ლიცენზიანტი კომპანიების სიმცირეს ასახელებს.

“3 600-დან 2 000-ზე მეტი სოფელი არანაირი ლიცენზიანტი კომპანიით არ არის დაფარული. მუნიციპალიტეტი აკეთებს წყალმომარაგების სისტემას, ძირითადად, რეგიონში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან მიღებული, ან საკუთარი მწირი სახსრებით. ცალკეული გამონაკლისების გარდა, არ არსებობს ლიცენზიანტი კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია სოფელში წყალმომარაგებზე, რომელიც ეტაპობრივად აიღებს სასმელი წყლის მიწოდების ლიცენზიას, გააკეთებს გამრიცხველიანებას, ჩაატარებს სამუშაოებს და ა.შ. აუცილებელია, მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა. არ შეიძლება, გყავდეს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”, რომელიც ოპერირებს ქალაქებში, სადაც მაღალია კომერციალიზაცია და სოფლები იყვნენ უყურადღებოდ. ამასთან, მუნიციპალიტეტებს არ აქვთ სამართლებრივი ბერკეტები. ეს აუცილებლად უნდა დაბალანსდეს. თუ სწორი პოლიტიკა არ დაიგეგმა, სოფლების წყალმომარაგების სისტემის გამართვას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. სწორი პოლიტიკის პირობებში, შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა 8-10 წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად მოგვარდეს”- აცხადებს თენგიზ შერგელაშვილი.

არსებული პრაქტიკით, იმ რაიონებში, სადაც მომსახურების მიწოდებისა და უფლებამოსილებების სტრუქტურა დანაწევრებულია, მოსახლეობას სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. მაგალითად, მარნეულში 2003 წელს მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს მიეწოდებოდა წყალი. ბოლო მონაცემებით კი მოსახლეობის 85% უკვე დაფარულია.

მარნეულის მუნიციპალურ ცენტრს და მიმდებარე სოფლებს მომსახურებას წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანია უწევს, სადაც 8,500 შეერთებაა. მარნეულის ზოგიერთ სოფელში მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული კომპანია „სოფლის წყალი“ მუშაობს, რომელსაც  6,000 მომხმარებელი ჰყავს და ამ რიცხვის 15 000-მდე გაზრდას გეგმავს. სხვა სოფლებს (დაახლოებით 7 000 მოსახლეს) კონტრაქტი გაფორმებული კერძო კომპანიასთან აქვთ.

“თითქმის მთელ მოსახლეობას მიეწოდება წყალი. დარჩენილია ისეთი კერები, სადაც განსაკუთრებით პატარა ზომის დასახლებული პუნქტებია და პროექტების განხორციელება არაგონივრულად ძვირი ჯდება. როგორც ცენტრალურმა, ისე ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრიორიტეტულ მიზნად დაისახა, რომ ის სოფლები, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ჰქონდა სასმელი წყალი, მომარაგებულიყვნენ. დავიწყეთ მუშაობა. იქ, სადაც საშუალება იყო, რომ მიგვეერთებინა არსებულ ჭაბურღილებზე, მივაერთეთ; სადაც არ იყო – ახალი ჭაბურღილები გაკეთდა. მარნეულის მუნიციპალიტეტს სამი კომპანია ამარაგებს: ცენტრალური წყალმომარაგების კომპანია, “რუსთავწყალი” და ადგილობრივი შპს “სოფწყალი”. ძირითად სოფლებში, სადაც ხდებოდა ახალი გაყვანილობა, შემდგარ პროექტს უკვე იღებდა “სოფწყალი”. შედეგად, წყალი ისეთ სოფლებში გავიყვანეთ, სადაც ისტორიის განმავლობაში სასმელი წყალი არ ჰქონიათ ” – აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი.

ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წყლის სექტორში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით დახმარება USAID-ს სთხოვა. პროექტ “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის” ფარგლებში,  წყალმომარაგების პოლიტიკის ექსპერტმა საქართველოში 2 კვირის განმავლობაში იმუშავა და სექტორის რეფორმის მხარდასაჭერი სამოქმედო გეგმა დაწერა.

7 პუნქტიანი გეგმა საკანონმდებლო ბაზის დახვეწით იწყება, რომლის შედეგადაც, მუნიციპალიტეტები აიღებენ სრულ პასუხისმგებლობას წყალმომარაგებასა და საკანალიზაციო მომსახურებაზე. მათვე გადაეცემათ წყლის სექტორის ქონება. უცხოელი ექსპერტის რჩევით, უნდა გაერთიანდნენ მუნიციპალიტეტები და შექმნან წყალმომარაგების ლიცენზირებული კომპანიები…

აღნიშნული რეკომენდაციების გაცემიდან ორი წელი გადის, თუმცა უცხოელი ექსპერტის რჩევები ჯერ კიდევ არ დანერგილა. შედეგად, საქართველოს სოფლების დიდ ნაწილს სასმელი წყალი სანატრელი აქვს. სოფლის პრობლემათა ჩამონათვალში კი წყალმომარაგება ჯერ კიდევ პრიორიტეტია.