თელავში ევროსტანდარტების შესაბამისი მუნიციპალური ტრანსპორტი მომავალი კვირდან ამოქმედდება და პირველ ეტაპზე მგზავრობა უფასო იქნება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მერს თანხმობა მისცა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თელავის სატრანსპორტო სამსახურის“ დაფუძნებაზე. აღნიშნული ა(ა) იპ ორგანიზებას გაუწევს თელავის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირებას.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ განაცხადა, მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვე იმუშავებს და ამ ხნის განმავლობაში ავტობუსით გადაადგილება მოსახლეობას უფასოდ შეეძლება.
როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე სამგზავრო ავტობუსები მხოლოდ ქალაქ თელავში იმოძრავებს, შემდეგ კი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მოემსახურება.