შსს-მ და ცესკომ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს შსს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ. მემორანდუმით შსს-სა და ცესკოს თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა. მხარეები წინასაარჩევნო პერიოდში ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, საარჩევნო კანონის დაცვა უმთავრესი პირობაა. ”არჩევნების მაღალ დონეზე, დასავლური სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის, უმთავრესი პირობაა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნა. მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს,”- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ხელმოწერის ცერემონიას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და აშშ-ის, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
წყარო: იმედინიუსი