გამყრელიძე: რესტორნებზე პრიორიტეტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სასწავლო დაწესებულებების გახსნაა

363

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღავანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ რესტორნების გახსნაზე მეტად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სასწავლო დაწესებულებების ამოქმედებაა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენც გვიხარია, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი გახსნილი იქნება“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე და ამბობს, რომ ეკონომიკის გახსნა აუცილებლად ეტაპობრივი იქნება.

„დღეს ქვეყანაში ერთბაშად ყველაფრის შეზღუდვა, რომ მოიხსნას, 1 თვის შემდეგ დავუბრუნდებით იმ მაჩვენებელს, რაც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერში. არ გვინდა რომ ის ტალღა, რაც გადავიტანეთ კიდევ გადავიტანოთ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ფრთხილად უნდა ვიაროთ, ყველა მომხრეა, რომ შეზღუდვები არ იყოს, ან იყოს ძალიან ნაკლები, მაგრამ ყველა შეზღუდვის მოხსნა უნდა მოხდეს მონიტორინგის საფუძველზე.

მოგეხსენებათ, რა არის რისკი – რესტორნებში გარდა შეკრებებისა, ალკოჰოლის მიღების შემდეგ ხდება კონტაქტები… რესტორნებიც და სხვა ბიზნესებიც გაიხსნება და ეს მოხდება გარკვეული რიგითობით.

ყველაზე მთავარი პრიორიტეტი დღეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველაზე მძიმედ მოსახლეობას გადააქვს ის, რომ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ტიპის ეპიდსიტაუციას, რაც ახლაა მიღწეული, რაც ბათუმშიც მოხდა და ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს უნდა მოხდებს თბილისში, ქუთაისში და რუსთავში, შემდეგ გადავალთ სხვა შეზღუდვის მოხსნაზე დაკვირვების ფონზე. ჩვენც გვიხარია, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი გახსნილი იქნება. ეს უნდა იყოს ეტაპობრივად.

ყველა სექტორი განიხილება, მაგრამ უფრო პრიორიტეტულად მიმაჩნია ტრანსპორტის ამოქმედება და სასწავლო დაწესებულებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.