თურნავა რესტორნებს აფრთხილებს: დაუმორჩილებლობა და კანონის დარღვევა მიუღებელია, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია

311

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ მისთვის გასაგებია სარესტორნო სფეროში დასაქმებული ადამიანების უკმაყოფილება, მაგრამ, დაუმორჩილებლობა მიუღებელია და ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ასე ეხმაურება თურნავა რესტორანთა ნაწილის გადაწყვეტილებას, აკრძალვების მიუხედავად 6 თებერვლიდან გაიხსნან.

“გასაგებია, რომ იმის გამო, რომ რესტორნები, არა აჭარაში, მაგრამ, დანარჩენ საქართველოში ჯერჯერობით ვერ იხსნება, აქედან გამომდინარე, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ, დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვე მკაცრი რეაქცია”, — განაცხადა ნათია თურნავამ.

იგი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს სთხოვს, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულონ დიალოგი მათსა და მთავრობას შორის.

“ვინაიდან ჩვენ, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში, პრემიერმინისტრთან ერთად, ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ, თუ როდის შეიძლება ჩვენ, იგივე აჭარის მოდელი, სადაც ჯერ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე, ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს, აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება და ჩემი იმედიც არის, რომ რესტორნები ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის”, — განაცხადა თურნავამ.

აკრძალვების მიუხედავად, 6 თებერვლიდან რესტორნები გახსნას გეგმავენ. ინფორმაცია გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა ფეისბუქზე გაავრცელა.

როგორც ქოქიაშვილი ფეისუბქგვერდზე წერს, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი არ გამართლდა და გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო. მისივე თქმით, სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ, ამიტომ 6 თებერვალს გახსნა გადაწყვიტეს.