5 წელი რეაბილიტაციის მოლოდინში – ასპინძის სოფელ საროში უძველესი მესხური ოდები ინგრევა

527

ასპინძაში, სოფელ საროში ასპანიძეების მესხურ ოდაში წყალი ჩადის, უძველესი შენობა, რომლის რეაბილიტაციაც ხუთი წლის წინ დაანონსდა, ნგრევის პირასაა მისული. წვიმა და თოვლი ისტორიულ შენობას ყოველდღიურად აზიანებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ნათელა ინდუაშვილი ასპანიძეების ცნობილ მესხურ ოდასთან ახლოს ცხოვრობს. ამბობს, რომ შენობების მდგომარეობა სავალალოა, ნაწილი უკვე ჩამოინგრა, ხის მორები, რითაც ოდებია გადახურული ადგილობრივებს სახლში მიაქვთ და საწვავად იყენებენ.

„ასპანიძეების ოდა რთულ მდგომარეობაშია, წვიმისა და თოვლის გამო ხის მასალა ლპება და შენობა ინგრევა. გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ასპანიძეების მიმდებარედ არსებული ოდები, შენობები ინგრევა, მეპატრონეებს მასალა შეშად მიაქვთ და წვავენ. წინა წელს ძეგლთა დაცვიდან იყვნენ, თქვეს რომ რეაბილიტაცია იგეგმება, ჩვენც ამის იმედი გვაქვს, თუ დროულად არ დაიწყო, შენობას ვეღარ გადაარჩენენ“, -ამბობს ნათელა.

ასპინძის სოფელ საროში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ხუთი წლის წინ დაანონსდა. 2018 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდში განაცხადეს, რომ ერთი ოდის რეაბილიტაციის პროექტი მზად იყო, ტენდერი კი იმიტომ ვერ ცხადდებოდა, რომ არც კომპანია და არც ფიზიკური პირი არ არსებობდა, რომელიც დარბაზის რეაბილიტაციის შემდეგ მისი მოსარგებლე გახდებოდა.

მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, მაგრამ რეაბილიტაციის დაწყების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. გასული წლის ნოემბერში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, 2021 წელს ოდის რეაბილიტაცია აუცილებლად დაიწყებოდა, ახლა კი ამბობს, რომ „პროექტის მოძიების ეტაპზე არიან“.

„ასპანიძეების ცნობილი ოდა–სახლის პროექტის მოძიების ეტაპზე ვართ, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, თავის დროზე დაფინანსდა პროექტირების ნაწილი. ჩვენ ეხლა ამ პროექტის განახლების ეტაპზე ვართ, ჩვენ ამას აუცილებლად შევეხიდებით. მთავარია ახლა პროექტის სრულყოფა“, – განაცხადა ანთიძემ 29 იანვარს „სამხრეთის კარიბჭეს“ გადაცემა „კვირის აქცენტში“.

ასპინძის მუნიციპალიტეტში სულ 64 მესხური საცხოვრისია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 30 მესხურ სახლს 2012–2017 წლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. აქედან 11 – ვარგავში, რვა – ზემო თმოგვში, ორი – საროში, სამი – ქუნცაში, ორი – ნიჯგორში, ერთი –ტოლოშში, ერთი კი თოკშია განთავსებული.