კახა კალაძის თქმით, მომავალ წლებში შესაძლოა, მუნიციპალური ავტობუსები საქართველოში აწარმოონ

1072

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვაკის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მომავალ წლებში შესაძლოა, მუნიციპალური ავტობუსები საქართველოში აწარმოონ.

„მომავალი წლების განმავლობაში ავტოპარკს ყოველთვის დასჭირდება განახლება, ყველაფერს გავაკეთებთ და მგონია, რომ შევძლებთ ამ ავტობუსების წარმოება საქართველოში მოხდეს“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 4 წლის განმავლობაში ქალაქში 700 ახალი ავტობუსი შემოვა. გარდა ამისა, სხვადასხვა უბნებში დაემატება სამარშუტო ხაზები და გაიზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა.

კახა კალაძემ მოსახლეობას ურბანული განვითარების პოლიტიკა, ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევის გზები, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებებიც გააცნო.

„ბევრი კარგი რამ გაკეთდა ქალაქში, თუმცა ქალაქი ვითარდება, საზოგადოება ვითარდება, მეტი მოთხოვნაა და მეტის გაკეთება გვინდა უფრო სწრაფად და ეფექტურად. ჩვენ მზად ვართ ამისთვის ახალი ენერგიით და შემართებით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას უკვე შეხვდა მთაწმინდის, გლდანის, სამგორის რაიონების სხვადასხვა უბნებში. შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

წყარო: პირველი