ფერმერები 1 თებერვლიდან აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს მიიღებენ

531

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა.

პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათების მიღება დისტანციურად  იქნება შესაძლებელი. პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება ეტაპობრივად მოხდება 7 თებერვლიდან.

პროგრამის ბენეფიციარი ვებგვერდზე  https://my.mepa.gov.ge რეგისტრაციის შემდეგ მიიღებს ბარათს, რომლის წარდგენის შემდეგ,  „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებს. ფერმერებს აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება ასევე შეეძლებათ სოფლის განვითარების სააგენტოს  რეგიონულ სამსახურებში, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – მუნიციპალურ ცენტრებში.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე  150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გაცემა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დიზელის შეუფერხებლად გაცემა მოხდება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით – გაიცემა არაუმეტეს 2,000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით –  დამატებით 1,500 ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – დარჩენილი რაოდენობა.

ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ  „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“  89 ბენზინგასამართ სადგურზე,  ასევე მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში.

პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.