აუდიტი: ხულოს მერიამ ახალი ბაღის მშენებლობაში 279 ათასი ლარი გადაიხადა, სადაც უხარისხოდ გაყვანილი წყლის მილების გამო კედლები და ავეჯი დაზიანებულია

402

ხულოს მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობისთვის 279,089 ლარი გადაიხადა, სადაც შენობის პირველი და მეორე სართულის კედლები და განთავსებული ავეჯის ნაწილი დაზიანებულია. მიზეზი წყალგაყვანილობის სისტემის უხარისხოდ დამონტაჟება აღმოჩნდა. ამის შესახებ საუბარია აუდიტის ანგარიშში, რომელიც ხულოს 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტმა, საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერის საშუალებით, გააფორმა 283,555 ლარის ღირებულების ხელშეკრულება.

ობიექტი მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა 2018 წლის 15 ოქტომბერს, რაშიც გადაიხადა 279,089 ლარი. სატენდერო პირობების თანახმად, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადად განისაზღვრა სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები, რის შედეგად გამოვლინდა, რომ შენობის პირველი და მეორე სართულის კედლები და განთავსებული ავეჯის ნაწილი დაზიანებულია.

“როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის მარტიდან საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს, ხოლო ზემოთ აღნიშნული დაზიანებების მიზეზი, წყალგაყვანილობის სისტემის უხარისხოდ შესრულებასთან ერთად, შესაძლოა იყოს საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯმენტის მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულება. კერძოდ, დათვალიერების დროს წყლის ცენტრალური სისტემა არ იყო ჩაკეტილი. მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირების განმარტებით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნული დაზიანებების შესახებ,”- წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშში საუბარია ასევე უხარისხოდ შესრულებულ სასმელის წყლის რეაბილიტაციის შესახებაც.

ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ, 2018-2019 წლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა სასმელი წყლის რეაბილიტაცია/მშენებლობა. აუდიტის ჯგუფის მიერ შერჩევით შემოწმებულ იქნა შესრულებული სამუშაოები, რა დროსაც გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სასმელი წყლის მილები დაზიანებულია ან არ არის მყარად შეერთებული წყლის აუზთან, რის გამოც ხდება წყლის ნაწილის გარეთ გადინება.

მიუხედავად იმისა, რომ მოცემული მომენტისათვის მოსახლეობას წყალი მიეწოდება, წყლის დებეტის შემცირების შემთხვევაში, აუცილებელი იქნება დანაკარგების აღმოფხვრა.

“ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი პირები, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არარსებობის გამო, რეგულარულად არ ახორციელებენ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგს, რის გამოც არ ხდება ნაკლოვანებების დროული გამოვლენა და მასზე სათანადო რეაგირება. აღნიშნულმა კი შესაძლოა გამოიწვიოს მუნიციპალიტეტის მხრიდან დამატებით საბიუჯეტო რესურსის ხარჯვის აუცილებლობა,”- აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის რეკომენდაციაა, რომ მუნიციპალიტეტმა, სათანადო შიდა კონტროლის მექანიზმების შემუშავებით, რეგულარულად განახორციელოს შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი, რაც უზრუნველყოფს ნაკლოვანებების დროულ გამოვლენას და მასზე ეფექტიან რეაგირებას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს შესრულებული სამუშაოების დაზიანებების გამომწვევი მიზეზები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.