2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის 73-დან 7 სოფელში წყლის სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დაიხარჯა მხოლოდ 133.4 ათასი ლარი, დანარჩენ 66 სოფელში აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტს რაიმე სახის ღონისძიება არ განუხორციელებია და მოსახლეობა სარგებლობს ჭებითა და წყაროებით, – ამის შესახებ საუბარია აუდიტის ანგარიშში, რომელიც მარტვილის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობას ეხება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.
„ჭები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი და წყლის დაქლორვის საშუალებებით. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობაზე მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება,“- წერია დოკუმენტში.
გარდა ამისა, 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდა მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების სასმელი წყლის ანალიზი. წარმოდგენილი ჰიგიენური შეფასებით დადგინდა, რომ ზოგიერთ ბაღში წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები არ შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს და ასახულია პრიორიტეტების დოკუმენტში, ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების პირობებში, მისი გამოსწორებისათვის საკმარისი ღონისძიებები არ გატარებულა. საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები არ ითვალისწინებდა აბონენტების გამრიცხველიანებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს მოხმარებული წყლის საფასურის ამოღება არ დაუგეგმავს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა საბიუჯეტო რესურსის ხარჯვის მიუხედავად, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო სამუშაოების დროული დასრულება და მოსახლეობის ნაწნაწილს წყალი ისევ არ მიეწოდება“, – წერია ანგარიშში და მოყვანილია მაგალითი.
2018 წლის 26 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტმა შეისყიდა დოშაყეს ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით 45.2 ათასი ლარი. მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 25 დეკემბერი. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ხელშეკრულებაში შევიდა ორი ცვლილება და მიწოდების ვადამ გადაიწია 2019 წლის 6 დეკემბრამდე. საბოლოოდ, სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 19 დეკემბერს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ 2 თვეში შესასრულებელი სამუშაოსათვის მიწოდების ვადის ერთი წლით გადაწევა მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს, რის შედეგადაც მოსახლეობამ დროულად ვერ მიიღო დაგეგმილი შედეგი. 2020 წლის 4 ივნისის მდგომარეობით, წყლის სისტემა არ ფუნქციონირებდა ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო, რისთვისაც მუნიციპალიტეტს საკმარისი ღონისძიებები არ განუხორციელებია. შედეგად, მოსახლეობა 2020 წლის ივნისშიც კი ვერ სარგებლობდა წყალმომარაგებით, როდესაც პროექტი უნდა დასრულებულიყო 2018 წელს.
აუდიტის სამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო პრიორიტეტების დოკუმენტით დასახული მიზნების მიღწევა. მოსახლეობას წყალი მიეწოდება შეფერხებით; არ ტარდება მოსახლეობისათვის მიწოდებული წყლის ლაბორატორიული კვლევები; მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების ნაწილი იყენებს მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამო წყალს. პრობლემის მოგვარებისათვის მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია ადეკვატური ღონისძიებები და არ გამოუყენებია საკმარისი საბიუჯეტო რესურსები.
აუდიტის რეკომენდაციაა, რომ მარტვილის მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას, მიწოდებული წყლის ხარისხის კონტროლს და წყლის სისტემის გამართულ ექსპლოატაციას. ამასთანავე, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და მიწოდების ხარჯების შემცირებას.