თორია: მარტვილში 4 ხიდს ვაშენებთ, მათ შორისაა ნალეფსაოსთან დამაკავშირებელი 90-მეტრიანი ხიდი

454

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 90 მეტრიანი ხიდი. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას, ასევე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, მის მოადგილე ნუკრი ხასიასთან და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად გაეცნო.

,,მიუხედავად პანდემიისა რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგულაციების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოებს გავეცანით. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. სამუშაოების ღირებულება მილიონ ნახევარ ლარზე მეტია. მარტვილში ნალეფსაოს ხიდის გარდა კიდევ სამ ხიდს ვაშენებთ, ერთი სოფელ სალხინოში და ორი სოფელ ვახაში შენდება” – განაცხადა მალხაზ თორიამ.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული ხიდი ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას საფრთხეს უქმნიდა. ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას ექნება საშუალება კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების.

მარტვილის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე აშენდა და რეაბილიტირდა 36 ხიდი.