„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 11%-ით შემცირდა.
კერძოდ, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს გაცემულია 9 564 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 11 პროცენტით ნაკლები) 5 206,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 30,9 პროცენტით ნაკლები).
„ 2020 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი თბილისზე, 14,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე“,-აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.
ამასთან, სულ, 2020 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 2 134 ობიექტი, რაც წინა წელთან შედარებით 14,9 პროცენტით ნაკლებია.