მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

278

მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და ბაზრობების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბაზრობების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, ღია სივრცეში ვაჭრობის უფლება ჰქონდეთ.

„ელიავას ბაზრობის” ერთ-ერთი წარმომადგენლის, თეა ანდრიაძის თქმით, უპირატესობა ღია სივრცეში მოვაჭრეებს უნდა ჰქონდეთ.

„არასწორად ხდება გახსნები და არასწორად ხდება ჩაკეტვები. არ შეიძლება ღია სივრცეს არ ჰქონდეს პრივილეგია და დახურულ სივრცეებს ჰქონდეთ. ჯერ 24 დეკემბერს უნდა გავხსნილიყავით, მერე გვითხრეს, რომ 15 იანვარს უნდა გავხსნილიყავით, შემდეგ თქვეს 1-ლი თებერვალი და ახლა 15 თებერვალსო. ასე გრძელდება განუწყვეტილივ და ასე გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს კრიზისმენეჯმენტი მიმდინარეობს არასწორად, ცუდად. რატომ უნდა ავიღოთ ჩვენ იტალიის მაგალითი, რომელსაც არასწორი კრიზისმენეჯმენტი ჰქონდა და ამას პრემიერის გადადგომა მოყვა? რატომ არ შეგვიძლია ავიღოთ მადრიდის მაგალითი, სადაც ბიზნესი არ ჩაკეტილა? როგორ შეიძლება დახურული სივრცეები იყოს პრივილეგირებული, ღია სივრცეებთან შედარებით? ნონსენსია ეს, რაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება“, – განაცხადა თეა ანდრიაძემ.