ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გელათი ისევ საფრთხეშია, რადგან ახალ კომპანიაში, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელება დაეკისრა, იგივე ადამიანები ფიგურირებენ.
ნაცვლიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართავს გაასაჯაროვოს ყველა დოკუმენტაცია და აიღოს პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, ის თავად ჩაატარებს ამ საქმეზე დამოუკიდებელ გამოძიებას.
“ახალ კომპანიაში იგივე ადამიანები ფიგურირებენ, ვინც ჩართული იყო რეაბილიტაციის პროცესში, რომელიც კრახით დასრულდა; უცნობია, რა წესით მოხდა კომპანია „ბაგინეთი +“ის შერჩევა, ვინ და რა წესით შეამოწმა მისი კომპეტენცია, სწორად აწარმოოს სამუშაოები და არ დაუშვას იგივე, რაც უკვე მოხდა; როცა მივიღეთ უმძიმესი შედეგები გელათში სწორედ იმიტომ, რომ სააგენტომ არ განახორციელა მონიტორინგი სამუშაოებზე. რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ იგივე სააგენტოს და იგივე ხელმძღვანელობის პირობებში, ახლა დაცულები ვართ სააგენტოს გულგრილი და არაკომპეტენტური დამოკიდებულებისაგან გელათის სამონასტრო კომპლექსის მიმართ? “- აცხადებს ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, გელათის რეაბილიტაციის პროცესში საუკეთესო საერთაშორისო სპეციალისტები უნდა ჩაერთონ და პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
“მე უკვე მივმართე რამდენიმე სახელმწიფო უწყებას, მათ შორის კულტურის სამინისტროს. გელათზე დამოუკიდებელ გამოძიებას ჩავატარებ – ეს საქმე ვერ ჩაიფარცხება. თუ დღეს არ დავიცავთ ჩვენს მემკვიდრეობას, ხვალ დასაცავიც აღარაფერი გვექნება”- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, არასწორად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გელატის ტაძარში წყალი ჩადის და უნიკალური ფრესკები ზიანდება. სააგენტომ ორ კომპანიას ჯარიმები დააკისრა, მათ ნაცვლად კი საქმიანობის გაგრძელების უფლება ახალ კომპანიას „ბაგინეთი +“ მისცა.