წინასაახალწლო დღეებში დავაკვირდით და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. გვჯერა, რომ ახლაც იგივენაირად, მაღალ დონეზე იქნება პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრმა განმარტა, თუ რამ განაპირობა არასასურსათო ვაჭრობის სფეროს აღდგენა და აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვა ამ ეტაპზე კომპრომისულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს და ჯერჯერობით ძალაში რჩება.
„არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და შოპინგ მოლები არიან ის სფერო, რომლებსაც ყველაზე პირველებს ვხსნით. 1 თებერვალს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნებიან. ეს ორმა გარემოებამ განაპირობა. პირველი, რომ წინასაახალწლო დღეებში დავაკვირდით და მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თავადაც გამოიჩინეს პასუხისმგებლობა და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა და იმის მიუხედავად, რომ 2 მილიონამდე ადამიანი გაატარეს იმ დროისთვის სავაჭრო ქსელებმა, ამის გამო დიდი აფეთქება არ გვქონია. გვჯერა, რომ ახლაც იგივენაირად, მაღალ დონეზე იქნება პასუხისმგებლობა.
მეორე გარემოებაა, რომ ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანების პირველად საჭიროებას, თუნდაც არასასურსათო ვაჭრობა, ამიტომ რიგში პირველია ეს ბიზნესი. რა თქმა უნდა, გვინდა ვიყოთ მაქსიმალისტები, ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ, რადგან ფრთხილი ნაბიჯები არის გარანტია, რომ ერთი თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა. შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციული იყო. ვისაუბრეთ, რა რეჟიმში გაიხსნებიან. ალბათ ჩვენი მხრიდანაც იქნება დახმარება, რომ გასახდელების და საქონლის უკან დაბრუნების შეზღუდული რეჟიმი უფრო შემსუბუქდება, მაგრამ ჯერჯერობით კვლავაც დარჩება შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვა და შემდეგ ყველანი ერთად დავაკვირდებით დადებითობის მაჩვენებელს”,-აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით საუბარი არაა.
„ვაჭრობა ის სფეროა, რომელიც ყველაზე უფრო სწრაფად აღდგება. წინასაახალწლოდაც ვამუშავეთ შესაბამისად, სხვა შეზღუდულ ბიზნესებთან შედარებით მათ შეუძლიათ საკუთრი რესურსებით გააგრძელონ საქმიანობა. მოსახლეობაში მოთხოვნა დიდია ამიტომ თებერვალიც იქნება ძალიან ცოცხალი თვე ვაჭრობისთვის და დარწმუნებული ვართ ეს ინდუსტრია სწრაფად აღდგება, თუკი ყველა რეგულაციას დაიცავს“,-განაცხადა ნათია თურნავამ.