ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

714

შეუძლოდ ყოფნის გამო, დღეს, ახალციხეში 70–მდე ბავშვი, საბავშვო ბაღში ვერ გამოცხადდა. მათ გულისრევა, მუცლის ტკივილი და მაღალი სიცხე აღენიშნებათ. საავადმყოფოში მიმართვიანობა არ წყდება, ბაღებში კი საკვებსა და სანიტარულ მდგომარეობას ამოწმებენ.

მესამე დღეა, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მაღალი სიცხით, მცირეწლოვანი ბავშვები შეჰყავთ. საავადმყოფოს ინფორმაციით, ამ სიმპტომებით, სამედიცინო დაწესებულებას, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 35–მა პაციენტმა მიმართა.

„აქედან, მხოლოდ გუშინ 12 ბავშვი იყო. მათ კუჭის აშლილობა, ღებინება და სიცხე აქვთ. არ ვიცით ეს ვირუსია თუ რაიმე სხვა. ამას სპეციალური კვლევა სჭირდება, ასეთ კვლევას კი ჩვენ არ ვატარებთ“, – აცხადებს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი ელდარ ალიევი.
კვლევის ჩასატარებლად ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უკვე მიმართა: „გამოვიძახეთ ჯანდაცვიდან ეპიდსამსახური, ისინი დაადგენენ რასთან გვაქვს საქმე“.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ბაღებში არსებული ვითარების შესწავლა უკვე დაიწყო.

„რა ჭამეს ბავშვებმა, რა დალიეს და რას შეიძლება გამოეწვია ეს ყველაფერი, ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღებული სინჯების საშუალებით დაადგენს, ამ სინჯებს შესაბამის ლაბორატორიას გავუგზავნით და იქ გამოიკვლევენ”, – ამბობს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელძღვანელი ფატი ხაბულიანი.

საზოგადოებრივი ჯანდაცივს ცენტრიდან შესული შეტყობინების საფუძველზე არსებული ვითარების შესწავლა დაიწყო სურსათის უვნებლობის სამსახურმაც.

„ამ წუთებში ჩვენი სპეციალისტები არაგეგმიურ ინსპექტირებას ახორციელებენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე გაირვევა საჭირო გახდება თუ არა დოკუმენტური შემოწმებაც. ან აიღებენ თუ არა საკვებისა და წყლის სინჯებს“, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური.

ამ წუთებში მუშაობენ, როგორც საავადმყოფოებში, ასევე საბავშვო ბაღებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებიც: „ამოწმებენ როგორც ბაღებს, ასევე ვითარებას ეცნობიან საავადმყოფოებშიც“, – აცხადებს ფატი ხაბულიანი.

ახალციხეში ისეთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც პაციენტის მოთავსება სტაციონარშია შესაძლებელი, ორია. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალისგან განსხვავებით, კლინიკა „იმედში“ აცხადებენ, რომ მათთან ბავშვების მიმართვიანობის განსაკუთრებული მაჩვენებელი არ ყოფილა.

„ინფექციური დაავადებებით პაციენტებს ჩვენ მხოლოდ ამბულატორიულად ვღებულობთ, სტაციონარში ასეთები არ გვყავს, რადგან ინფექციური კოდებით არ ვმუშაობთ. ამიტომ ბავშვების დიდი ნაწილი ჩვენ საავადმყოფოში არ ყოფილა“, – აცხადებენ კლინიკა „იმედში“.

ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა ბერიძის თქმით, ქალაქში მოქმედ რვა საბავშვო ბაღში, იმ ბავშვებს შორის, რომლებიც დღეს ბაღში არ გამოცხადდნენ, კლინიკური ნიშნები 68–ას აღენიშნება. მათ შორის, მაგალითისთვის პირველ ბაგა–ბაღში, ასევე, მეხუთე და მეექვსე ბაღებში, 18–18 ბავშვია ცუდად.

„მეტ–ნაკლებად თითქმის ყველა ბაღს შეეხო და ეს სიმპტომები ჯერ კიდევ ვლინდება ბავშვებში“, – ამბობს ბერიძე.

ახალციხის პირველი ბაგა–ბაღის მენეჯერის ციცო საანიშვილის თქმით, იმ 18 ბავშვს შორის, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ, საავადმყოფოს მხოლოდ ხუთმა მიმართა.

„ვფიქრობ, რომ ეს ვირუსია და სხვა არაფერი“, – ამბობს ციცო საანიშვილი.

საანიშვილის პოზიციას იზიარებენ საბავშვო ბაღების სხვა თანამშრომლებიც. რაიმე საკვების ან სასმელის გამო ბავშვების მოწამვლას გამორიცხავს ნანა ბერიძეც.

„ვფიქრობ, რომ ვირუსია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან მე ვფიქრობ, ასე იქნება. უბრალოდ საკვების ვადებსა და შენახვის პირობებს ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ. თან სწავლა ახალი დაწყებულია და ყველაფერი ახალი შემოტანილია“, – ამბობს ნანა ბერიძე.

მშობლების დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ მიზეზი სავარაუდოდ ვირუსია, თუმცა მიაჩნიათ რომ საკვები, წყალი და ჰიგიენის პირობები საბავშვო ბაღებში აუცილებლად უნდა გადამოწმდეს.

არსებული ვითარების გადამოწმება რომ საფრთხეების თავიდან აცილებაში დაეხმარებათ ამაზე ნანა ბერიძეც საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში ყველა ჯგუფი სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით ყოველ პარასკევს იწმინდება.

რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, ის თუ რა ზომებია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გასატარებელი, ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა.