პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას მოუწოდებს, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივოს.
„ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს 200 კუბური მეტრის ბუნებრივი აირის კომპენსაცია მოსახლეობისთვის თებერვალ-მარტის პერიოდზე. არსებული პროგნოზით, სწორედ თებერვალსა და მარტში არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება, რაც მოსახლეობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნას გაზრდის. პრაქტიკულად, წინა წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, მოსახლეობის უმრავლესობამ ბუნებრივი აირის სუბსიდირებით ვერ ისარგებლა. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიმუშაოს ბუნებრივი აირის სუბსიდირების ისეთი პროგრამა, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ევროპელი სოციალისტები“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სუბსიდირება ასევე უნდა შეეხოს არა მხოლოდ ბუნებრივი აირის, არამედ ელექტრო-ენერგიისა და წყლის გადასახადებს.
„ვფიქრობთ, სახელმწიფოს გააჩნია შესაბამისი რესურსი, მოახდინოს, როგორც ბუნებრივი აირის სუბსიდირება, ასევე კომპენსაციის დაწესება, როგორც ელექტრო-ენერგიის, ასევე წყლის გადასახადებზე. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გაუწევს საკუთარ მოსახლეობას პანდემიით გამოწვეულ უმძიმეს სოციალურ ვითარებაში“, – აცხადებენ პარტიაში.
„ევროპელი სოციალისტები“ ასევე მოუწოდებს მთავრობას, მოხსნას ან შეამსუბუქოს არსებული რეგულაციების ნაწილი და აუცილებლად აღადგინოს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.