ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ ის ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაემუქრა და უთხრა, არ მიეღო მონაწილეობა კონკურსში, რადგან მისთვის სასურველი კომპანიის გამარჯვება სურდა, უარის მიღების შემდეგ, კი აღნიშნულ მათზე ზეწოლას ახორციელებდა.
“გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ.
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე, შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება”, — წერია უწყების განცხადებაში.
მათი თქმით, ზეწოლის მიუხედავად, შპს-მ მიიღო მონაწილეობა ტენდერში და ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა, რის შემდეგაც “განაწყენებულმა საჯარო მოხელემ” კომპანიას სისტემატურად დაუწყო პრობლემების შექმნა.
“მიუხედავად იმისა, რომ ის ქვემდგომი პირების მხრიდან ინფორმირებული იყო სამუშაოთა უხარვეზოდ შესრულებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარებასა და ანგარიშსწორებას, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამართლზომიერ ზეგავლენას ახდენდა სამუშაოების ზედამხედველზე და უფლებას არ აძლევდა ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები. ხსენებული ქმედების შედეგად, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება”,— აცხადებენ ისინი.
მათივე თქმით, გამგებლის მოადგილის ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო სამუშაოების გაგრძელება და დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რითიც დაირღვა, როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ასევე, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.