აუდიტი: ქედის მუნიციპალიტეტში პრეტენდენტების შერჩევა არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაერთგვაროვანი მიდგომით ხორციელდება

376

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქედის მუნიციპალიტეტში პრეტენდენტების შერჩევა არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაერთგვაროვანი მიდგომით ხორციელდება, რის შედეგადაც, გამარჯვებულად გამოვლინდა 2 შემთხვევაში, ჯამში, 89 714 ლარით მაღალი ფასის წარმომდგენი და შესაბამისი გამოცდილების არმქონე პრეტენდენტები.

“ქედის მუნიციპალიტეტში, ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებისათვის, მერიის მიერ 2018 წელს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტს ეთხოვა სატენდერო წინადადების დაზუსტება, მათ შორის, საბოლოო ფასის შესაბამისი დაზუსტებული ფასების ცხრილის წარდგენა.

სატენდერო კომისიის მიერ შეთავაზებულ დროში პრეტენდენტმა წარმოადგინა დაზუსტებული სატენდერო დოკუმენტაცია და 184,001.000 ლარის ღირებულებით ფასების ცხრილი. კომისიამ შემაჯამებელი რიცხვი გადაიანგარიშა მეათიათასამდე სიზუსტით და ნაცვლად 184,001.000 ლარისა, მიიღო 184,001,0003 ლარი, დააფიქსირა 0.0003 ლარის ზედმეტობა და აღნიშნული მოტივით პრეტენტენდი დისკვალიფიცირებულ იქნა. შედეგად კი გამარჯვებულად აღიარებულია შემდეგი პრეტენდენტი, რომლის შემოთავაზებული ფასიც 35,844 ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის შეთავაზებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის ცნობით, სატენდერო კომისიას არ უმსჯელია მათ მიერვე გადაანგარიშებით მიღებული 0.0003 ლარით სახელმწიფო შესყიდვაზე გამოწვეული შესაძლო გავლენის და არსებითი ცვლილების შესახებ.

ანგარიშში ირკვევა, რომ ანალოგიურად, კონკრეტული პრეტენდენტის სასარგებლოდ, მიდგომითაა შეფასებული და ხელშეკრულების ფასი განსაზღვრული სხვა შემთხვევებშიც, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ, მიზანმიმართულად პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და წარმოშობს სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტების არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს.

ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაბა ქედაში ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის პირობებით, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების არანაკლებ 1,000,000 ლარის გამოცდილება. შესყიდვაში მონაწილეობდა ოთხი პრეტენდენტი, ყველაზე დაბალი ფასი კი დააფიქსირა ამხანაგობა „ფარაონი და კომპანიამ“ – 309,549 ლარი. სატენდერო კომისიის მიერ გათვალისწინებულ ვადაში პრეტენდენტმა წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია, თუმცა კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია გამოცდილების შესახებ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მოტივით.

“პრეტენდენტს სისტემაში ატვირთული აქვს 2,304,288 ლარის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, საიდანაც სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაციის საფუძვლად მიიჩნია 672,829 ლარის ღირებულების სამუშაოებზე დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა. ფაქტობრივად პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტაცია არ აქვს წარმოდგენილი მხოლოდ 424,245 ლარის სამუშაოებზე.

აღნიშნულ პირობებში, კომისიამ გამარჯვებულად აღაიარა შპს „გაბიონი 2000“, სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 363,419 ლარი, რაც 53,870 ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტის ცნობით, აღნიშნული მიუთითებს, რომ მერიის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა არ შეაფასეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სიზუსტე და არ გაითვალისწინეს ანალოგიური სახის სამუშაოების შესრულების ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც წარმოშობს მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ, პრეტენდენტის მიზანმიმართულად დისკვალიფიკაციის რისკს.

ასევე, ქედის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო ხიდის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებდა მდინარე აჭარისწყალზე, ოთხ ბურჯზე, სამმალიანი, 18 მეტრიანი, ჯამში, 60.2 მეტრის სიგრძის ხიდის მშენებლობას.

“სატენდერო წინადადების მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს: ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის ახალი ხიდების მშენებლობის სამუშაოები, საერთო ღირებულებით, არანაკლებ 1,000,000 ლარი; რთი ხელშეკრულებით, არანაკლებ, 300,000 ლარის ღირებულების ახალი ხიდის მშენებლობა.

შესყიდვაში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი – შპს „სინათლე -2006“, რომელსაც
გამოცდილების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს  ხელშეკრულების ფარგლებში 1,289,557 ლარის ღირებულების შესრულებული
სამუშაოს მასალები. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდილება, კერძოდ, მას არ აქვს ოთხ ბურჯზე, სამმალიანი და ჯამში, 60,2 მეტრის სიგრძის ახალი ხიდის მშენებლობის გამოცდილება, თუმცა სატენდერო კომისიას აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია, აღიარეს გამარჯვებულად და 958,325 ლარის ღირებულების სამუშაოებზე გაფორმებულია ხელშეკრულება”, – წერია ანგარიშში.

ასევე, აუდიტის მიმდინარეობისას, ხიდის ვიზუალური დათვალიერებით, ხიდის პირველ ბურჯზე, ბეტონის კონსტრუქციულ ნაწილზე შეინიშნება ბზარები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, 958,325 ლარი დადასტურებულია ექსპერტის მიერ და წარმოდგენილია ინსპექტირების ანგარიში, სადაც ასახულია, რომ ფარული სამუშაოების აზომვა არ განხორციელებულა.

“წარმოდგენილი დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ მთლიან შესრულებულ სამუშაოებში 133 დასახელების, 953,503 ლარის სამუშაოები ფარულია, ანუ ექსპერტის მიერ ფაქტობრივი აზომვა23 განხორციელდა მხოლოდ სამუშაოების 0,5%-ზე. ამასთანავე, ფარული სამუშაოს აქტებიც არასრულყოფილადაა შედგენილი. კერძოდ, სულ 61 ფარული სამუშაოს აქტიდან 27 აქტზე არ არის ასახული სამუშაოს

ფაქტობრივად შესრულების თარიღი, მით უმეტეს, რომ აქტებში ასახულია დიდი მოცულობის სამუშაოები, როგორებიცაა გრუნტის ტრანსპორტირება – 3,902 ტ, გრუნტის გატანა ნაყარში – 464,1 ტ, ბეტონის ტრანსპორტირება 20 კმ-დან და სხვა, ასევე წარმოდგენილია აქტი არმირების მოწყობაზე, თუმცა რა სახის არმირება
განხორციელდა არ დგინდება”, – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მერიის მიერ, არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაერთგვაროვანი მიდგომით ხორციელდება პრეტენდენტების შერჩევა. შედეგად, გამარჯვებულად გამოვლინდა 2 შემთხვევაში, ჯამში, 89,714 ლარით მაღალი ფასის წარმომდგენი და შესაბამისი გამოცდილების არმქონე პრეტენდენტები.

“აღნიშნული გარემოება სახელმწიფო შესყიდვის კონკრეტულ პრეტენდენტზე მისადაგების და ფულადი სახსრების არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს. ამასთანავე, პროექტის შესაბამისად, 953,503 ლარის ღირებულების ფარული სამუშაოების ფაქტობრივად შესრულება რისკის შემცველია, რაც, შესაძლოა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერი ქმედებით იყოს გამოწვეული”, – ვკითხულობთ დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს რეკომენდაციით ქედის მერიას. შეიმუშაოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს პრეტენდენტების მიმართ სამართლიან და ერთგვაროვან მიდგომას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ განიხილოს არაერთგვაროვანი მიდგომით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, გამოცდილების არმქონე პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოცხადებისა და სათანადო დასაბუთების გარეშე ფარულ სამუშაოებზე ხარჯის გაწევის მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.