წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 2020 წელს საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობის შედეგად 192 947 ევროს (2020-2022 წლები) და 498 080 ლარის გრანტებს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გრანტების ფარგლებში მიღებული დაფინანსებით მუნიციპალიტეტში დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, შეიქმნება მოსახლეობისთვის რელევანტური ვებგვერდი, ინკლუზიური ცენტრისთვის შეძენილი იქნება სამგზავრო ავტომობილი.
“საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში პროგრამული ბიუჯეტირების ახალი მეთოდოლოგიის წარმატებით დანერგვის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობისგან გამოეყო გრანტი 300 000 ლარის ოდენობით. თანხა კაპიტალური დანიშნულებისაა, რომელიც 2021 წელს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტი პირველად გახდა ახალი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული. პროექტის “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ მიღებული გრანტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაინერგება ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, პროექტის ფარგლებში იგეგმება ნაგავმზიდისა და სეპარირებისთვის საჭირო 110-მდე კონტეინერის შეძენა, 10 მცირე ზომის საკომპოსტე მოედნის მოწყობა, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დანერგვა დიდ სოფლებში და სეპარირებული შეგროვების განვითარება ტურისტულ ობიექტებზე. პროექტში – სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრია“ ჩართული. ასევე, კარგი მმართველობა და ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი „კარგი მმართველობის ხელშეწყობა’’ რომლის მიზანია მოსახლობისთვის ყველაზე რელევანტური ვებგვერდის შექნა, რომელიც უზრუნველყოფს მერიის მუშაობის გამჭვირვალობის ამაღლებას, ონლაინ სერვისების გაუმჯობესებითა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებით. პროექტის ღირებულება 26 110 ლარია და განახლებული ვებ. გვერდით სარგებლობას მოსახლეობა მარტის თვიდან შეძლებს”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
ორგანიზაცია “პინის” (წყალტუბოს განვითარების ფონდი) გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინკლუზიურ ცენტრს გამოეყო 70 400 ლარი სამგზავრო ავტომობილის შესაძენად, ხოლო კულტურის ცენტრს – 101 570 ლარი, რომლის ათვისებაც მოხდება საჭიროებისამებრ.
მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის განმარტებით, სხვადასხვა საპილოტე პროგრამებსა და კონკურსებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელსაც ჩაერთვება.
“ეს არის შესაძლებლობების გამოვლენის კარგი საშუალება, რომელიც გვაძლევს განვითარების, ახალი გამოწვევების დაძლევისა და ახალი პროექტების განხორციელების რეალურ შანსებს”, – აღნიშნა იოსელიანმა.