მაია ბითაძე: ჭავჭავაძეზე გვაქვს ე.წ. სმარტურნები, აქვთ უნარი ტექნოლოგიურად ამოიცნონ, ვინ ყრის ნარჩენს

621

თბილისის მერიის ყოფილი მოადგილე და ამჟამად “ქართული ოცნების” დეპუტატი პარლამენტში, მაია ბითაძე ამბობს, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. სმარტუნრნები დგას და მოსახლეობის შესაბამისი ტექნოლოგიით აღჭურვის შემთხვევაში ისინი ამოიცნობენ ვინ ყრის ნაგავს. ამის შესახებ მან Business Media Georgia-სთან ისაუბრა.

ეს ურნები თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში შეიძინა, რომელშიც ჯამურად 1.6 მილიონი ლარი გადაიხადა, 1 ურნის ფასი 31 000 ლარს უტოლდება.

“ეს ურნები, რაც ჭავჭავაძეზე გვაქვს, ე.წ. სმარტ ურნებია, ასე ვთქვათ, მათ აქვთ უნარი, ტექნოლოგიურად ამოიცნონ, ვინ ყრის ნარჩენს, მაგრამ ამისთვის მოსახლეობაც შესაბამისი ტექნოლოგიებით უნდა აღვჭურვოთ”, – თქვა მაია ბითაძემ, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება მოსახლეობის შესაბამის ტექნოლოგიურად აღჭურვაში.

მაია ბითაძემ ამ ურნების დადებით ეფექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამგვარი ურნების სისტემა ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთა და ამავდროულად ეკონომიურია.

“გრძელვადიან პერსპექტივაში აქ ამონაგები იმდენად დიდია, პირველ რიგში ის, რომ გარემო არ არის დაბინძურებული,  მეორე ის, რომ ერთად გადაყრილი ნარჩენისგან შეგვიძლია ენერგია მივიღოთ, გაზი მივიღოთ, ელექტროენერგია მივიღოთ, ხოლო სეპარირებული ნარჩენისგან ახალი პროდუქტი მივიღოთ. ნარჩენების პოლიგონის მართვის ხარჯი ძალიან დიდია, ავტოტრანსპორტის ხარჯი, რომელიც ყოველდღიურად დადის და აგროვებს ნარჩენებს,  ძალიან დიდია. ეს სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოშია ჩამოყალიბებული, არის ეკონომიური და არის ეკოლოგიურად ძალიან მომგებიანი”, – თქვა ბითაძემ.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია წელიწადზე მეტ ხანს მიმდინარეობდა – პროექტი 2019 წლის მაისში დაიწყო და 2020 ზაფხულში დასრულდა. პროექტი, ჯამში, 15 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.