სამეგრელოში, ჯვარი-ხორგას დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ქსელის მშენებლობა იწყება – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განუცხადა.
პროექტის ფარგლებში, 56 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი აშენდება, დამონტაჟდება 271 ანძა. ამ დროისთვის დაწყებულია 270 ანძის მშენებლობა. რაც შეეხება დანარჩენ ნაკვეთებს, მათზე მშენებლობა არ იქნება, მათ მხოლოდ ელექტრო-გადამცემი ხაზი გადაკვეთს.
ნინო ვიბლიანის განცხადებით, პროექტს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია საქართველოს ენერგეტიკულ სისტემებს შორის დამატებითი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით და ასევე ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას.
„მნიშვნელოვანია, რომ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობისას დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ჯვარი-ხორგას პროექტის ღირებულება დაახლოებით 16 მლნ ევროა. პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილური ენერგომომარაგებისთვის, რაც ადგილზე მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის. ჯვარი – ხორგას დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, გარდა ამისა, ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთლიანად ქვეყნის ენერგომომარაგებას. მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებისთვის ვის საკუთრებაზეც გაივლის ახალი ელექტროგადამცემი მოხდება კომპენსირება მაღალი საბაზრო ფასით, რომელიც დაადგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. მესაკუთრეებისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხების ჯამი შეადგენს 4 მილიონამდე ლარს“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.
პროექტი ხორციელდება EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით და მისი ღირებულება, დაახლოებით, 16 მლნ ევროს შეადგენს.